საქართველოსა და ჩინეთს შორის სრულიად ახალი ეკონომიკური ურთიერთობები იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, უკვე ხელმოწერილია ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმება, ესაა ჩინეთსა და საქართველოს შორის ,,ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ განვითარებისათვის თანამშრომლობის შესახებ. ”შეთანხმება, პირველ რიგში, გულისხმობს ჩვენი ქვეყნის რეგიონალურ, სავაჭრო და სატრანზიტო ჰაბად, ცენტრად ჩამოყალიბებას. მოხდება საქართველოს საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ასევე, შეთანხმება იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ჩინური ინვესტიციების მოზიდვისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ავტომობილების სათადარიგო ნაწილების წარმოება, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება და სხვა.
2014 წელს ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები 2013 წელთან შედარებით გაორმაგდა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თებერვალში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება უკვე განხორციელდა.
” ეს ისტორიული ფაქტია, რადგან აქამდე არსებული საზღვაო კავშირის დამატებით ალტერნატივას წარმოადგენს; მისი მეშვეობით ტვირთი უმოკლეს დროში შეუფერხებლად იმოძრავებს ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით; უზრუნველყოფილი იქნება ასევე ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირება როგორც ევროპის, ასევეხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნების მიმართულებით. ამით საქართველო თავის ისტორიულ მისიას იბრუნებს.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით საქართველოს პორტების ისე, როგორც რკინიგზის ტვირთბრუნვა, მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დაახლოებით $100-120 მილიონის დამატებით ფულად ნაკადს უზრუნველყოფსქვეყნის ეკონომიკისთვის.
ოქტომბერში, თბილისი, აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს, რომელზეც განხილულული იქნება აბრეშუმის გზის კონცეფცია, სატრანსპორტო ლოგისტიკა და ვაჭრობის საკითხები”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.