სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას შეწყვეტს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.
„ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.
გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.
შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება“, - ნათქვამია განცხადებაში.