გაასაჯაროვეთ საკნის ჩანაწერები! - ასე ეხმიანება „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს - დავით ფეიქრიშვილსა და მეორე მხრივ, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და კიდევ რამდენიმე პირს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.
ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ბერა ივანიშვილი შარში მამამისმა გახვია“.
"ბერა ივანიშვილი შარში მამამისმა გახვია.
ვატო ყიფიანის და ბილანიშვილის დაჭერა და ფეიქრიშვილების ცემა მაგ შარს არ უშველის.
გაასაჯაროვეთ საკნის ჩანაწერები!!“ - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულეები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ე.წ. კრიმინალურ წრეებთან დაახლოებულ პირს, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს. შედეგად ფეიქრიშვილს დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები აქვს. ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც აღნიშნული დაპირისპირება მოხდა, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ ვენები გადაიჭრა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც ასევე გლდანის ციხეში, ოღონდ სხვა საკანში ზის.
შეგახსენებთ, თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.