უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთის ულტიმატუმი „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასთან“ დაკავშირებით კრემლის იმ მოთხოვნებს იმეორებს, რომლებიც წინ უძღოდა რუსეთის შეჭრას საქართველოში და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას.
სიბიჰამ ისტორიული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნატო-ს გაფართოება საფრთხედ მოიხსენია.
„ჩვენ ეს ადრეც გვინახავს. 2007 წელი: მიუნხენში პუტინი ნატო-ს გაფართოებას „საფრთხეს“ უწოდებს. 2008 წელი: ბუქარესტში კრემლი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით მუქარებს აჟღერებს. რამდენიმე თვეში რუსეთი საქართველოში შეიჭრა“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისივე თქმით, 2021 წელს რუსეთი ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასა და ალიანსის 1997 წლის საზღვრებთან დაბრუნებას მოითხოვდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
„ახლა იგივე ულტიმატუმი ახალი სახელწოდებით ბრუნდება - „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“. ეს დიალოგისკენ მოწვევა არ არის. ისტორია გვიჩვენებს, რა შეიძლება მოჰყვეს ამას: რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების ახალი ესკალაცია აგრესიული ფორმებით, მათ შორის, ღია შეიარაღებული აგრესიით“, - განაცხადა სიბიჰამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის პირობებზე მორგების ნაცვლად, დროა, მოსკოვზე ზეწოლა გაძლიერდეს, რათა პუტინს სამშვიდობო ძალისხმევის სერიოზულად აღქმა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტა აიძულონ.