მეუფე იობის სიტყვა მართლაც მართლმკვეთელი აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის და მან თქვენ ბევრს ჩამოგხადათ ნიღაბი, ვითომ ქრისტიანობისა და ვითომ ეკლესიურობისა, დაგანახათ ნამდვილი სახე ფარისევლობის - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ, თქვენ, ისევე, როგორც ჩვენ, ხართ ნებისმიერი რიგითი მოქალაქეები, ამ ქვეყნის შვილები , - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა.
"მე ვიცი, რამაც გაგაღიზიანათ ყველაზე მეტად ახლა, ზოგს რომ უნდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად თქვას, თითქოს მეუფემ თქვა, რომ დავამხოთ ხელისუფლება, რევოლუცია მოვაწყოთო. მან თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა ეს ყველაფერი, ამ ნარკოტიკებთან ერთად ჩვენი მიწა-წყლის უცხოტომელებზე გასხვისება და სხვა მრავალი პრობლემა, მომავალში უკეთესი უნდა ავირჩიოთ, როცა არჩევნები იქნება. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.
აი, ახლა ერთ-ერთმა თქვა ტელევიზიაში: თქვენ რომ დაგიდგამთ თავზე და ზიზილპიპილოები ჩაგიცვამთ და თავი რაღაც გგონიათო. ასეთი მკრეხელობა, იცით, ეს რას ნიშნავს? მღვდელმთავარს რომ უკეთია, ეს არის, რომ ქრისტე მაცხოვარმა, მწყემსმა კეთილმა, რომელმაც იტვირთა მწყემსმა კეთილმა სიტყვიერი ცხოვარი და მამას მიჰგვარა, და ეს ტვირთი ადევს ყველა მღვდელმთავარს და პასუხისმგებელი იქნება ყველა თავისი სამწყსოს წევრზე და ერზე, თუკი ის კეთილსინდისიერად არ მოემსახურა და ერის კეთილდღეობას, დედაეკლესიის თითოეული თქვენგანის კეთილდღეობას არ შეუწყო ხელი სულიერსა და ისე ფიზიკურს. ეს მიტრა, თურმე, თავზე რომ დაგიდგიათო. მიტრა ქრისტე მაცხოვრის ეკლის გვირგვინს განასახიერებს და ეს ბისონი თქვენთვის ზიზილ-პიპილოებია? აი, ეს არის თქვენი ეკლესიურობა და სარწმუნოება?
მეუფე იობის სიტყვა მართლაც მართლმკვეთელი აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის, და მან ბევრს ჩამოხადა ნიღაბი ვითომ ქრისტიანობისა და ვითომ ეკლესიურობისა, დაგანახათ ნამდვილი სახე ფარისევლობის, რადგან მორწმუნე ქრისტიანი ასეთ ღვაწლმოსილ მღვდელმთავარს, რაც არ უნდა მკაცრად მოგჩვენებოდათ მისი სიტყვა, ასეთ ზღვარგადასულ ქვების სროლას, ცილისმწამებლურ კამპანიას არ დაიწყებდა. პირიქით, იტყოდა: წმინდა მამაო, რაზე სწუხხართ, რა არის თქვენი წუხილი, ჩამოვალთ, მოგისმენთ, იქნებ ერთად გვითხრათ გზები გამოსწორებისაო. მაგრამ ამის ნაცვლად რას აკეთებენ? თითქოს ჩვენ ვართ შეთქმული ადამიანები და მიზანმიმართულად ისიც კი ინერგება, თითქოს ჩვენ განხეთქილების მომწყობები ვართ ეკლესიაში.
ვის თუ არა მეუფე იობს ესმის და ჩვენ თითოეულ ჩვენგანს ამას გვასწავლიდა და გვასწავლის, რომ საქართველოს ეკლესია არის ერთიანი, მთლიანი და განუყოფელი ნაწილი ქრისტეს მისტიური სხეულისა, რომლის თავი ანუ უფალი ჩვენი იესო ქრისტეა, და ვერასდროს მტერი ვერ ეღირსება საქართველოს ეკლესიაში განხეთქილების შეტანას. ასე რომ, არ გინდათ რაღაც შეთქმულების თეორიების შემოგდება. ჩვენ არ ვიქნებით არასოდეს ამ რაღაცის წამომწყები, დამერწმუნეთ, და ჩვენ ასეთ ნაბიჯს არასოდეს არ გადავდგამთ. ჩვენ გვტკივა და ჩვენ გვაწუხებს ის, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, და უბრალოდ დავიწყოთ ამ ყველაფრის გამოსწორება“,- განაცხადა ეპისკოპოსმა.