საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვისა და მისთვის უსამართლო მშვიდობის თავს მოხვევის მცდელობა მთელ ევროპას დაასუსტებს და მომავალში ახალი ომის საფრთხეს შექმნის.
მაკრონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უშუალოდ ეხება ევროპის ყველა ქვეყანას და უკრაინის თავდაცვის დახმარებით საფრანგეთი საკუთარ უსაფრთხოებასაც იცავს.
„ის, რაც უკრაინაში ხდება, უშუალოდ ჩვენც გვეხება. საფრთხის ქვეშ ჩვენი საერთო უსაფრთხოებაა. უკრაინისთვის თავდაცვაში დახმარება საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვასაც ნიშნავს.
თუ რუსეთი თავისი სისასტიკით ევროპულ ქვეყანას საკუთარ ნებას მოახვევს თავს, მთელი ევროპა დასუსტდება.
სწორედ ამიტომ იყო უკრაინა კვლავ ჩვენი განხილვების ცენტრში ხუთშაბათსა და პარასკევს, დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტისა და ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დროს. იქ ჩვენ ერთიანობა გამოვავლინეთ ორ პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც მინდა აქ გესაუბროთ.
პირველი პრიორიტეტი უკრაინისთვის ზამთრის გადატანაში დახმარებაა. უკრაინელები კვლავაც გაბედულად აგრძელებენ წინააღმდეგობას და აღტაცებას იმსახურებენ.
ამერიკელ წარმომადგენლებთან გამართულმა ბოლო განხილვებმა ცხადყო: ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკება არ სურს. მისი არმია წინ ვერ მიიწევს. პირიქით, უკან იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. თუმცა აშკარაა, რომ პუტინი ფსონს უკრაინის დაჩოქებაზე დებს - სამოქალაქო მოსახლეობაზე დარტყმების გაძლიერებითა და ამ ზამთარს ქვეყნის სიბნელეში ჩაძირვის მცდელობით. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს გეგმა ჩავუშალოთ.
ეს ნიშნავს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერის შენარჩუნებას და უკრაინის დახმარებას მოსახლეობის, ელექტროსადგურებისა და ელექტროგადამცემი ქსელების დაცვაში.
პირდაპირ ვთქვათ: ისინი, ვისაც უკრაინისთვის რესურსების შეზღუდვა სურს, საბოლოოდ ცდილობენ, მას უსამართლო მშვიდობაზე დათანხმება აიძულონ, მუდმივად დაუცველ მდგომარეობაში დატოვონ და, შესაბამისად, ევროპაც დაუცველი გახადონ. ეს დამარცხების განწყობაა. ეს მომდევნო ომის წინაპირობაა. საფრანგეთის პოზიცია ასეთი ვერ იქნება.
ჩვენი მეორე პრიორიტეტი უკრაინასთან თანამშრომლობაა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ევროპამ ამ პროცესში სრულფასოვანი როლი უნდა შეასრულოს, რადგან ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებაც სწორედ ასეთ მშვიდობაზეა დამოკიდებული.
გუშინ, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ერთიანობა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე კი ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ. საფრანგეთის ინიციატივით, 42-მა ქვეყანამ მიიღო დეკლარაცია იმ პრინციპების შესახებ, რომლებიც ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება „მსურველთა კოალიციის“ მუშაობაც, რომელიც 2025 წლის დასაწყისში შევქმენით უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოსამზადებლად. ამ წლის დასაწყისში პარიზში მიღებულმა დეკლარაციამ ამ სამუშაოს საფუძველი შექმნა. ის ითვალისწინებს უკრაინის არმიის მხარდაჭერასა და მრავალეროვნული ძალების განთავსებისთვის მზადებას, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განლაგდნენ. ამჟამად პოლონეთში სწავლება მიმდინარეობს, რათა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ამ სამუშაოს გასაგრძელებლად ხუთშაბათს ბერლინში კვლავ შევიკრიბებით.
ახლა უფრო შორს უნდა წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსეთისთვისაც, თუ რას ვითხოვთ ომის შემდგომი პერიოდისთვის. ასევე უნდა დავაზუსტოთ, რას ველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მინდა, აქვე მკაფიოდ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი ტრადიციული შეიარაღებული ძალები ჰყავს, ნატო-სთან ერთად მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი. უკრაინის ადგილი ამ ორგანიზაციაშია.
ჩვენი მიზანი ნათელია: უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის უზრუნველყოფა, შემდეგ კი ყველასთან ერთად მუშაობის გაგრძელება ევროპის უსაფრთხოების საერთო სისტემის გასაძლიერებლად.
სწორედ ასე დავიცავთ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინელებს, ფრანგებსა და ყველა ევროპელს“, - წერს მაკრონი.