საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის დახმარების შეწყვეტა საფრანგეთის ევროპაში იზოლაციას გამოიწვევს.
ამის შესახებ Clash Report-ი BFMTV-ზე დაყრდნობით იუწყება.
„თუ მარინ ლე პენი უკრაინის დახმარების სრულად შეწყვეტას გადაწყვეტს, ის საფრანგეთს ევროპაში იზოლაციაში მოაქცევს. ის საფრანგეთის წინააღმდეგ მოქმედებს“, - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმისა და რუსეთის მიმართ სიმპათიის გამო. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა „გადაწყვიტა, მაქსიმალურად გაეზარდა უფრო ძლიერი მხარის, კერძოდ, რუსეთის შანსები“.
გარდა ამისა, მაკრონმა ლე პენი იტალიის ვიცე-პრემიერ მატეო სალვინის შეადარა და განაცხადა, რომ ორივე პოლიტიკოსი მზად არის, უკრაინას უღალატოს.
„სალვინის სურს უკრაინელებს ზურგში დანა ჩასცეს, ისევე როგორც მარინ ლე პენს. ეს ადამიანები ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.