აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მემუარებში „დამპირდი, ამერიკავ“ (Promise Me, America) უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის გამოცდილებაზე ისაუბრა.
ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
მემუარები 17 ნოემბერს უნდა გამოიცეს. ბაიდენი წიგნში პუტინის „ჭირვეულ ტონზე“ საუბრობს. მისი თქმით, პუტინს შეხვედრების დროს სკამზე გადაწოლა და გულგრილობის ჩვენება უყვარდა - „თითქოს თინეიჯერი ყოფილიყო“.
ყოფილი პრეზიდენტი ზელენსკისთან ურთიერთობასაც იხსენებს. მისი თქმით, უკრაინის ლიდერის სამსახიობო გამოცდილება ომის დროს ქვეყნის მართვისთვის კარგი მომზადება აღმოჩნდა, თუმცა პირად საუბრებში ზელენსკი ზოგჯერ რთული მოსაუბრე იყო.
„ზელენსკი ჩვენს პირად საუბრებში ზოგჯერ შეიძლება ყოფილიყო ჭირვეული და ჯიუტი და არ გამოხატავდა იმ მადლიერებას, რომელსაც მისგან ველოდი“, - წერს ბაიდენი.
ბაიდენი ასევე იხსენებს, რომ დონალდ ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისი გუნდის წევრებმა მას სთხოვეს, ხელი მოეწერა წერილისთვის, რომელიც ტრამპის ინაუგურაციამდე მის გუნდს პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას მისცემდა.
თუმცა ბაიდენმა ამაზე უარი თქვა. მისი განმარტებით, არ სურდა, ტრამპის გუნდისთვის მიეცა სრული თავისუფლება იმ შეთანხმების მისაღწევად, რომელიც, მისი მოლოდინით, უკრაინის ხარჯზე კაპიტულაციას დაემსგავსებოდა.
„არ მსურდა მათთვის სრული თავისუფლების მიცემა იმისთვის, რაც, ჩემი მოლოდინით, უკრაინის ხარჯზე ერთგვარი კაპიტულაცია იქნებოდა“, - წერს ბაიდენი.