უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის დარტყმების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით ვითარება განსაკუთრებით რთულია.
15 ნოემბერს, საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორივე რეგიონში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა და აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
„დღეს მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით ჩვენს ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის ოლქს. რუსეთის დარტყმების შემდეგ იქ ძალიან რთული ვითარებაა. ელექტროენერგიის მიწოდება ბევრგან შეწყდა და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგა, თუმცა წინ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაოა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ამჟამად რუსეთი იმ ტაქტიკას იყენებს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის ერთ-ერთ რეგიონზე კონცენტრირებულ დარტყმებს ახორციელებს.
„რუსები ირჩევენ ერთ რეგიონს მთავარ სამიზნედ და რამდენიმე დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ბომბავენ მას, მათ შორის აზიანებენ ელექტროქსელებსა და ქვესადგურებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისიდან ყველაზე მეტი დარტყმა დნიპროპეტროვსკის ოლქში დაფიქსირდა - 131 შემთხვევა, კიევის ოლქში - 125, ხოლო ჟიტომირისა და სუმის ოლქებში - 100-ზე მეტი.
„შესაბამისად, სწორედ ამ რეგიონებში აქვთ ყველაზე მეტი სამუშაო ენერგეტიკოსებს, კომუნალურ სამსახურებსა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს“, - განმარტა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკომისიამ ამ კვირაში უკრაინისთვის დამატებითი საგანგებო ენერგეტიკული დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
ზელენსკის თქმით, ამის შესახებ შეთანხმებას მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიაღწია.
„შევთანხმდით ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რომ უკრაინა დამატებით საგანგებო ენერგეტიკულ დახმარებას მიიღებს. ეს დახმარება განკუთვნილია იმ ქალაქებისა და თემებისთვის, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად უჭირთ. გამოიყოფა დამატებითი გენერატორები, სხვა აღჭურვილობა და დაფინანსება, რათა ენერგეტიკული მდგრადობა შევინარჩუნოთ. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ზელენსკიმ.