17 ნოემბრის ღამეს რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში მდებარე საწარმო „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“, რომელიც „გაზპრომის“ ჯგუფში შედის, კვლავ თავდასხმის სამიზნე გახდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ცნობებით, ქალაქ სალავატში აფეთქებები მოხდა.
საწარმო უკრაინის საზღვრიდან 1300 კილომეტრში მდებარეობს.
ინფორმაცია საწარმოსთვის მიყენებული ზიანისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
„გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, ნავთს, მაზუთს, პოლიეთილენს, პოლისტიროლს, ამიაკს, კარბამიდს, პლასტიფიკატორებსა და ბუტილის სპირტებს.
საწარმოში წარმოებული საწვავი რუსეთის საერთო საწვავო ინფრასტრუქტურის ნაწილია, რაც მნიშვნელოვანია სამხედრო ლოჯისტიკისთვისაც. პოლიეთილენი, პოლისტიროლი და პლასტიფიკატორები კი მრეწველობის სხვადასხვა დარგში გამოიყენება და, მათ შორის, შესაძლოა, თავდაცვის მრეწველობისთვის საჭირო მასალებისა და კომპონენტების წარმოებაშიც იყოს ჩართული.
გარდა ამისა, კომპლექსი რუსეთის სხვადასხვა საწარმოს ნავთობპროდუქტებითა და ქიმიური ნედლეულით დიდი მოცულობით ამარაგებს.
16 ნოემბერს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, მათ შორის მოსკოვის, ომსკისა და კირიშის ქარხნებს. სანქციების სიაში მოხვდა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატიც“.
მანამდე, 8 ოქტომბერს, „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ ასევე გახდა თავდასხმის სამიზნე. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო ხანძრის შესახებ.