უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში 2 ნოემბერს რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია, ოთხი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ ივან ვიგივსკის განცხადებით, დაღუპულთა შორის არიან მაშველები, პოლიციელები, გიმნაზიისა და ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის თანამშრომლები, კომუნალური სამსახურის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი.
„დაღუპულთა შორისაა მასწავლებელი, რომელიც ყოველდღე მიდიოდა თავშესაფარში, რათა ონლაინგაკვეთილები ჩაეტარებინა იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც თემი დატოვეს“, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილოსემიკინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა მართვადი საავიაციო ბომბებით დაარტყეს ჰუმანიტარულ ცენტრს დასახლების ცენტრში, სადაც ადამიანები დახმარების მისაღებად იყვნენ მისული. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დაშავებულთაგან ოთხი მკურნალობას კვლავ განაგრძობს. კიდევ ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვიგოვსკის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას რუსულმა ძალებმა დასახლებას 11-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ცხრა თავდასხმა უშუალო სამიზნე ის ადგილი იყო, სადაც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. შედეგად, სამი პოლიციელი და ოთხი მაშველი დაშავდა, დაზიანდა სპეციალური ტექნიკა.
ნანგრევების გასაწმენდად და დაღუპულთა ცხედრების მოსაძებნად საინჟინრო ტექნიკა და კინოლოგიური ჯგუფები ჩართეს. ექსპერტებმა დნმ-ის ათობით ანალიზი ჩაატარეს.