რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ფინეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა, რომელიც 2008 წელს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენია.
ლავროვმა ამის შესახებ რუსულ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სტუბი, როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ნეიტრალურ ქვეყანას წარმოადგენდა, საქართველოში ჩავიდა ვითარების გასაცნობად და დასაძაბულობის განმუხტვის გზების მოსაძებნად. უკან დაბრუნებისას კი მოსკოვში შეჩერდა და ლავროვს შეხვდა.
ლავროვის თქმით, ალექსანდერ სტუბთან ჯერ კიდევ მაშინ ჩამოუყალიბდა ურთიერთობა, როდესაც ის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
„სტუბი მოსკოვში მაშინ ჩამოვიდა, როდესაც საქართველოში ხუთდღიანი ომი მიმდინარეობდა. მან, როგორც ნეიტრალური ქვეყნის - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამშვიდობო მისიით საქართველოში გამგზავრება გადაწყვიტა, რათა ადგილზე გაცნობოდა ვითარებას და გაერკვია, რისი გაკეთება შეიძლებოდა მის დასამშვიდებლად. უკან დაბრუნებისას ის მოსკოვშიც ჩამოვიდა. მოლაპარაკებამდე მე და ის ერთმანეთს პირისპირ შევხვდით და ყავა დავლიეთ“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, სტუბმა მასთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ უცენზურო სიტყვებით დაახასიათა.
„მან მითხრა: „სააკაშვილს ველაპარაკე, ის [უცენზურო ეპითეტი] შეშლილია“. ამასთან, ის ჩვენს მოქმედებებს საკმაოდ გონივრულად აფასებდა“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, მაშინ ყველას კარგად ესმოდა, როგორ დაიწყო მოვლენები და ვინ გასცა ბრძანება.
„მოგვიანებით ალექსანდერ სტუბი ევროკავშირის მიერ ამ მოვლენების გამოძიების დაწყების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. გამოძიებას შვეიცარიის მოქალაქე ხელმძღვანელობდა და მან დაასკვნა, რომ ეს სააკაშვილმა დაიწყო“, - თქვა ლავროვმა.