აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ამ კვირაში უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გეგმავენ. შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და ომისშემდგომი ეკონომიკური აღდგენის გეგმას განიხილავენ. ამის შესახებ Axios აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა ბერლინში, ხუთშაბათს გაიმართება. ის ერთი კვირის შემდეგ შედგება მას შემდეგ, რაც უიტკოფმა და კუშნერმა რუსეთს ევროპის ომისშემდგომი უსაფრთხოების სისტემის საკუთარი ხედვის შეთავაზებისკენ მოუწოდეს. მათი იმედით, ამ პარალელურმა ინიციატივამ შესაძლოა ომის დასრულებას შეუწყოს ხელი.
იმავე დღეს ტრამპი ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდება. ორშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხის განხილვას გეგმავს.
Axios-ის წყაროს ცნობით, ბერლინის შეხვედრის მიზანია უსაფრთხოების ისეთი გარანტიების შემუშავება, რომლებიც უკრაინას რუსეთის შესაძლო მომავალი თავდასხმებისგან დაიცავს, ასევე ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის გეგმებზე მუშაობა.
გამოცემის წყაროს განცხადებით, ტრამპის წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტზე არიან უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან და ამავდროულად რუსეთთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ბერლინში დაგეგმილი შეხვედრა და ტრამპის ვიზიტი ჩინეთში კოორდინირებულ დიპლომატიურ ძალისხმევად შეაფასა.
Axios-ის წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სტივენ მილერი, რომლებიც ტრამპის ვიზიტისას ჩინეთში იქნებიან, უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.
კუშნერმა მანამდე ისაუბრა კრემლის ლიდერის თანაშემწე იური უშაკოვთან, უკრაინულ მხარესა და ევროპელ წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ.
იმავე დღეს უშაკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართვა უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების საკითხზე სამმხრივ მოლაპარაკებებში რუსეთთან შეთანხმებული არ ყოფილა.
როგორც ცნობილია, 13 ნოემბერს, დუბლინში გამართულ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ლიდერები ევროპული მოლაპარაკებების ჯგუფის ფორმატზე შეთანხმდნენ. ჯგუფში შევლენ E5-ის ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის წარმომადგენლები, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები.