აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ჯილდო გადასცა სამხედროს, რომელმაც მას უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა. ამის შესახებ Associated Press წერს.
როგორც ცნობილია, სამხედრომ ყურადღება ჰეგსეთსა და მის თანმხლებ პირებს მიაქცია მას შემდეგ, რაც არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, ფოტოების გადაღების შემდეგ მათი სიცილი და საუბარი გაიგონა.
ინციდენტი 11 ნოემბერს, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის შემდეგ მოხდა.
ჰეგსეთი მეუღლესთან, ჯენიფერთან და თანამშრომლებთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავის წინ ფოტოს იღებდა. გადაღების დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრების სიცილი და საუბარი გაისმა, რის გამოც აშშ-ის არმიის მორიგე სამხედრომ მათ მიმართა და შეახსენა, რომ მემორიალთან სიჩუმე და პატივისცემა უნდა შეენარჩუნებინათ.
„ყველა ვიზიტორი ვალდებულია, ნებისმიერ დროს შეინარჩუნოს სიჩუმე და პატივისცემის ატმოსფერო!“ – ხმამაღლა მიმართა ჯარისკაცმა ჯგუფს.
პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარნელმა მომხდარის შემდეგ განაცხადა, რომ სამხედრო მოსამსახურემ დამსწრეებს წესების დაცვისა და სათანადო ქცევის შესახებ სწორად და თავაზიანად შეახსენა.
12 ნოემბერს ჰეგსეთმა პენტაგონში მიიწვია არმიის ქვედანაყოფი, რომელიც უცნობი ჯარისკაცის საფლავს იცავს, და თომას იგლესიასს ჯილდო გადასცა 11 ნოემბერს დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის.
ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში ჯილდოს გადაცემის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა და დაწერა: „ჩვენ გვიყვარს ჯარისკაცები. ჩვენ გვიყვარს სტანდარტები. ყოჩაღ. გააგრძელე პატრიოტო“.