აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპული მხარეც მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმურ პუტინს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა აბუ დაბიში უკრაინის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი განიხილეს, რომელიც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.
მოსკოვიდან გამგზავრებამდე უიტკოფმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი მიღწეულია და მხარეები ახალი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.
„ვფიქრობ, პროგრესი გვაქვს. მიმაჩნია, რომ ეს დღეს დილით მოხდა. არავის ეგონა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებს განვაახლებდით, თუმცა ეს შევძელით. ახალი შეხვედრაც დავგეგმეთ“, - განაცხადა უიტკოფმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
„ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
კუშნერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი ამომწურავად და დეტალურად განიხილეს.
„ვფიქრობ, საერთო ჯამში, ყველა საკითხზე ძალიან ამომწურავი და დეტალური დისკუსია გვქონდა. იმედი მაქვს, ეს მომდევნო მრავალმხრივი მოლაპარაკებებისთვის საფუძველი გახდება“, - განაცხადა კუშნერმა.
აშშ-ის წარმომადგენლები მოსკოვიდან დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და მას პუტინთან შეხვედრის შედეგებს გააცნობენ.