საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ბრიუსელი იქცა ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბარი.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ვესაუბროთ უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მის ხელმძღვანელობას, ვინაიდან, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ატარებს საკუთარ დღის წესრიგს და არა წევრი ქვეყნების ხალხების დღის წესრიგს. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, ერთი-ერთზე, პირდაპირ გვესაუბრა ჩვენს კოლეგებთან. ამ შემთხვევაში ლუქსემბურგის, საბერძნეთის პარლამენტების წარმომადგენლებთან და კიდევ ერთხელ აგვეხსნა, როგორ ვხედავთ ჩვენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას. მიხარია, რომ ორივე კოლეგასთან გვქონდა ძალიან პოზიტიური საუბარი. შევთანხმდით, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობა იქნება ინტენსიური ყველა დონეზე, როგორც პარლამენტების ხელმძღვანელობის, ისე კომიტეტების, თუ მეგობრობის ჯგუფის დონეზე. გვექნება ამ მხრივ ვიზიტების გაცვლაც და საუბარი ერთმანეთთან. ასეთი შეხვედრები აჩვენებს ხოლმე, რომ, სამწუხაროდ, ბრიუსელი, ნაცვლად იმისა, რომ იმოქმედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო ინტერესებით, მოქმედებს საკუთარი დღის წესრიგით, რომელიც, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა