ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს, სურს, რომ სირიის მთავრობამ უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარება უკან წაიღოს. ეს საკითხი სირიასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აღდგენის შესახებ მოახლოებული მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა იქნება.
ამის შესახებ გამოცემა Rapporteur წერს
ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, 2024 წლის დეკემბერში, ევროკავშირი სირიასთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს. ამ პროცესს კალასის ხელმძღვანელობით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) უძღვება.
გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხი განიხილეს. შეთანხმება 2008 წელს იყო შეთანხმებული, თუმცა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო მისი რატიფიცირება არ მომხდარა.
ამის შემდეგ ევროკავშირი შეეცდება, მოლაპარაკებების მანდატი მიიღოს განახლებული შეთანხმების მოსამზადებლად, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. ეს შესაძლოა უკვე მომავალ წელს მოხდეს.
ამ პროცესის ფარგლებში ევროკავშირი სირიისგან მოელის, რომ დამასკო ბრიუსელთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების სანაცვლოდ, უკან წაიღებს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა გამოცემა Rapporteur-ს განუცხადა, რომ კაია კალასმა ეს საკითხი არაერთხელ დააყენა უშუალოდ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ასაად ალ-შაიბანისთან და პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრებისას, მათ შორის ოქტომბერში სირიაში ვიზიტის დროს.
ევროკომისიის კიდევ ერთი წარმომადგენლის თქმით, .ევროკომისარმა ხმელთაშუა ზღვის საკითხებში დუბრავკა შუიცამაც წამოჭრა ეს საკითხი დამასკოში გასულ კვირას ვიზიტისას.
„ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ, რომ სირიამ უარი თქვას უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე, რომლებიც მან ასადის რეჟიმის დროს აღიარა, ასევე სხვა საკითხები, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები წამოჭრიან“, - განაცხადა კალასმა გასულ კვირას, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქები ამ წინადადებას განიხილავენ.
ოქტომბერში დამასკოში ვიზიტისას კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მოლოდინებს შორის რუსეთის გავლენის, მათ შორის მისი სამხედრო ყოფნის შემცირებაც იქნება.