უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს აგრძელებს, და მას ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
სიბიჰას თქმით, თუ პუტინს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმები არ მოსწონს, მას შეუძლია, ომის შეწყვეტის ბრძანება გასცეს.
„თუ პუტინს არ მოსწონს უკრაინის დარტყმები მის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, შეუძლია, ომის შეწყვეტის ბრძანება გასცეს“, - წერს სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი თქმით, თუ პუტინს არ სურს, რომ მის სამხედრო ხომალდებსაც ესხმოდნენ თავს, შეუძლია, ასევე ომის შეწყვეტის ბრძანება გასცეს.
„თუ პუტინს არ მოსწონს უკრაინის დარტყმები მის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, შეუძლია, ომის შეწყვეტის ბრძანება გასცეს. თუ არ სურს, რომ მის სამხედრო ხომალდებს დაესხნენ თავს, შეუძლია, ომის შეწყვეტის ბრძანება გასცეს.
აღარაფერს ვამბობ იმ 432 000 რუს სამხედროზე, რომლებიც მან მიმდინარე წელს ბრძოლის ველზე დაკარგა ისე, რომ შეჭრის მიზნებს ვერაფრით მიუახლოვდა. როგორც ჩანს, მათ ბედზე არ ზრუნავს.
შეწყვიტოს წუწუნი. დაასრულოს ომი“, - წერს სიბიჰა.
შეგახსენებთ, მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირდაპირი თხოვნის მიუხედავად აგრძელებს. რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას საპასუხო ზომებითაც დაემუქრა.