ვფიქრობ, დონბასიდან უკან დახევა ამ ომის წაგებას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ვფიქრობ, დონბასიდან უკან დახევა ამ ომის წაგებას ნიშნავს. ნამდვილად ასე ვფიქრობ. ვგულისხმობ არა საბრძოლო მოქმედებების გამო უკან დახევას, არამედ საკუთარი გადაწყვეტილებით საკუთარი მიწის დატოვებას, რადგან საქმე ჰექტრებს არ ეხება. უსაფრთხოების გარანტიებიც რომ არსებობდეს, ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ თუ საკუთარი ნებით დათმობთ თქვენი სახელმწიფოს ნაწილს, შემდეგ სხვა ტერიტორიის დათმობასაც არ გაიძულებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიის დათმობის ვარიანტი მიუღებელია, რადგან, მისი შეფასებით, რუსეთის ხელმძღვანელობაში დომინირებს მოსაზრება, რომ უკრაინის ტერიტორიის ერთი ნაწილის დათმობის შემთხვევაში, მოსკოვი კიევისგან ანალოგიურ ნაბიჯებს ხარკივის ოლქთან, დნიპროსა და ზაპოროჟიესთან დაკავშირებითაც მოითხოვს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა უნდა გაძლიერდეს და გაუძლოს, ამასთანავე, ყველაფერი გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად.
„დარწმუნებული ვარ, რომ ასე უნდა მოვიქცეთ. ჩვენი თავდაცვის ძალებისა და შეიარაღებული ძალების წყალობით, ყველამ უნდა გავუძლოთ და მტკიცედ ვიდგეთ. ამასთან, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მისაღწევად. მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ისინი ჩვენს დამორჩილებას ვერ შეძლებენ, რაც ჩვენზე, ჩვენს სიმტკიცეზე, აშშ-ის სიმტკიცესა და ევროპის ერთიანობაზეა დამოკიდებული, მაშინ ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე წავლენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი აზრით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, რადგან ამჟამად თვეში 50 ათასზე მეტ სამხედროს კარგავს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ომის გაგრძელების გამო რუსეთი ეკონომიკურ ზარალსაც განიცდის, მათ შორის ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სექტორებში.
„ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ მოგვატყუებენ, თუ ჩვენ ჩვენი ტერიტორიის ნაწილს ერთი გასროლის გარეშეც კი დავთმობთ“, - დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილი უკმაყოფილოა, როდესაც ის 2014 წელსა და ყირიმში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
„როდესაც ვამბობ, რომ ყირიმი ვერ დავიცავით, ისინი მპასუხობენ: „ჩვენ ვიცავდით, უბრალოდ ცოტანი ვიყავით“. ეს სიმართლე არ არის...
ეს ერთხელ უკვე მოხდა: ჩვენ უკან დავიხიეთ და გვირეკავდნენ, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაციიდანაც. რეკავდნენ იმ კაბინეტში, რომელშიც ახლა მე ვიმყოფები, თუმცა მაშინ იქ მე არ ვიჯექი, და გვეუბნებოდნენ: „ყირიმში ესკალაცია საჭირო არ არის“. და რა მოხდა შემდეგ? შემდეგ ჩვენი სხვა ტერიტორიების ოკუპაციაც გაგრძელდა, მივიღეთ დამამცირებელი დოკუმენტი, რომელიც არანაირ გარანტიას არ გვაძლევდა. ვიცი, რომ ზოგიერთს მინსკის შეთანხმებები მოსწონს. მაგრამ რას გვპირდებოდა ეს შეთანხმებები? სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველაფერი, რაც მკაფიოდ არ არის გაწერილი და უსაფრთხოების მყარ გარანტიებს არ ითვალისწინებს, ყოველთვის შეიძლება დაირღვეს.
ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინული საზოგადოება მობილიზებული იყო, რადგან ყველას ესმოდა, რა სურდა რუსეთს, როგორც მეზობელ ქვეყანას.
„თუ რუსეთი ახლა პაუზას აიღებს და ორი წლის შემდეგ დაბრუნდება, შევძლებთ თუ არა, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ისეთივე მხარდაჭერის მობილიზებას, როგორიც დღეს გვაქვს? ეს არ ნიშნავს, რომ ომის დასრულებისკენ არ უნდა ვისწრაფოდეთ. მოქმედება აუცილებელია - ეს ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია. მაგრამ უბრალოდ საკუთარი მიწისა და ხალხის დათმობა და უკრაინის სრული დამოუკიდებლობისა და მომავლის რისკის ქვეშ დაყენება, ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.