"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნა ივანიშვილის სისტემაში ბზარებს გააღრმავებს, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ცერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მოსკოვის მექანიზმის დასკვნა ივანიშვილის სისტემაში ბზარებს გააღრმავებს.
დავიწროვდება იმ ადამიანების წრე, რომლებიც ივანიშვილის უკანონო ბრძანებებს უსიტყვოდ შეასრულებენ.
ზიანის კალკულაცია შეიცვლება კონფორმისტთა თავებში.
ორჯერ თქმა ვისაც სჭირდება, ის მოღალატეა ივანიშვილის სამყაროში.
ბიძინას "მოღალატეებს" გაგიმარჯოთ - თქვენი კონფორმიზმი ჩვენი სიტუაციური მოკავშირე გახდება სწორ წერტილში", - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. ანგარიშის განცხადებით, მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებას იღებენ მიზანში. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთო-ს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.