სრული სიცრუეა, რომ 15 იანვარს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე წახალისებული იყო „ირანის რადიკალური სცენარები“,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ფიშერი აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი იყო ახალგაზრდების შეშფოთებაზე, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაბლოკილია.
"15 იანვარს საელჩოში შევხვდი ქართველი ახალგაზრდების გაერთიანების წევრებს და ფოტო X-ზე გამოვაქვეყნე. დღეს „იმედი“ და „რუსთავი 2“ აცხადებენ, რომ ეს შეხვედრა „საიდუმლო“ იყო, წახალისებული იყო „ირანის რადიკალური სცენარები“. ეს სრული სიცრუეა, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი არაფერი წამოჭრილა. გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას. ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაბლოკილია, განათლების რეფორმასა და ღრმად პოლარიზებულ გარემოზე, სადაც განსხვავებული აზრი ღალატად არის მიჩნეული, სინამდვილეში კი ეს დემოკრატიის არსია. კარგი მომავლისთვის ყველა ახალგაზრდა გვჭირდება“, – წერს ფიშერი.
"იმედმა“ და „რუსთავი 2"-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან შეხვედრა გამართეს „რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებმა“.
„არსებული ინფორმაციით, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს პროცესების რადიკალიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრა და მათ განუმარტა, რომ მსხვერპლის არსებობა გამოიწვევს მასობრივ და რადიკალურ პროტესტს, მაგალითად კი ირანში არსებული ვითარება მოიყვანა“, - ნათქვამია „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.