უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოუწოდა ხალხს, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცენ მის პარტიას, რათა თავიდან აიცილონ ქვეყნის ომში ჩათრევა. ამის შესახებ ორბანი facebook-ზე წერს.
მან რამდენიმე საათში საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია დააანონსა და აღნიშნა, რომ ბევრ თემაზე ისაუბრებს.
„წლის პირველ დღეებში ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი შეხსენება, რომ ლიბერალური მსოფლიო წესრიგი იშლება. პრეზიდენტ ტრამპის არჩევა მისთვის საბედისწერო დარტყმა იყო“, - წერს ორბანი, რითაც სავარაუდოდ, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე მიანიშნა.
მან დასძინა, რომ ახალი სამყარო ჯერ კიდევ „ფორმირების პროცესშია“ და შესაბამისად, უნგრელებს „უფრო არასტაბილური, არაპროგნოზირებადი და სახიფათო წლები“ ელით.
„ამ სიტუაციაში, უნგრეთის ხალხმა აპრილში უნდა აირჩიოს გზა - ერთ-ერთი მათგანი ბრიუსელის ჩიხამდე მიგვიყვანს. მას წარმოადგენს „ტისა“ (ოპოზიციური პარტია). მხარზე ხელის დარტყმისა და იმუნიტეტის სანაცვლოდ, ისინი ბრიუსელთან გარიგებაზე დათანხმდებიან და მათ ყველა მოთხოვნას შეასრულებენ. ისინი „დიახ“-ს ეტყვიან ომს, უკრაინის დაფინანსებას, მიგრანტების ჩასახლებასა და გენდერულ პროპაგანდას“, - განაცხადა ორბანმა.
თუმცა, მისი თქმით, მისი პარტია, „ფიდესი“, უნგრელებს მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალ გზას სთავაზობს. ჩვენ არ გვინდა უნგრელი ახალგაზრდების ფრონტზე გაგზავნა და არ გვინდა ქვეყნისა და უნგრეთის ეკონომიკის განადგურება. ჩვენ გვაქვს გეგმა და განზრახვა, რომ უნგრეთი ჩვენს წინაშე მდგარი ისტორიული ეპოქის გამარჯვებული გავხადოთ. ამის მისაღწევად, პირველ რიგში, ომში ჩარევისგან თავი უნდა შევიკავოთ. ამისათვის ჩვენ უნგრელ ხალხს ვთხოვთ, 2026 წელს ძალაუფლება მოგვანიჭონ“, - თქვა ორბანმა.
Bloomberg-ის ცნობით, ორბანი განიხილავს პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნას, თუ მისი პარტია „ფიდესი“ არჩევნებს წააგებს და ცდილობს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაფართოების მიზნით.
ოპოზიციური პარტია „ტისა“ გამოკითხვებში კვლავ მნიშვნელოვან უპირატესობას ინარჩუნებს ორბანის პარტია „ფიდესსთან“ შედარებით.
ორბანმა მანამდე განაცხადა, რომ მას არ ეშინია შემდეგი არჩევნების წაგების და ასევე აღნიშნა, რომ თავის მთავარ კონკურენტად ბრიუსელს მიიჩნევს და არა ოპოზიციის ლიდერ პეტერ მაგიარს.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები აპრილში იმართება.