გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლაში 1 პირი მოკლეს, 3 კი დაჭრეს. ინფორმაციას გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.
შემთხვევა 5 იანვარს მოხდა. კონფლიქტი თანასოფლელებს შორის ქორწილში დაიწყო, რის შემდეგაც დაპირისპირება კაფეში გაგრძელდა.
"არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცებს, ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით, აიდინ მამედოვის შვილები ავტომობილით ფაილ ალიევის სახლთან მივიდნენ და მასზე თავდასხმა განახორციელეს. სახლში მომხდარი დაპირისპირების დროს ფაილ ალიევის ვაჟმა სამი ადამიანი დანით დაჭრა. შემთხვევა ამის შემდეგ გარეთ გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებმა ავტომობილით 50 წელს გადაცილებულ ფაილ ალიევს გადაუარეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სხვა დაშავებულები რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს", - დაწერა გამოცემამ.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19–109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.