სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.
"განკაცებულმა ღმერთმა, რომლისგანაც „შეიქმნა ყოველი … ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი“ (კოლას. 1.16), კაცობრიობას ახალი მცნების მთავარი არსი ამ სიტყვებით განუცხადა: „გიყვარდეთ ერთმანეთი და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე, გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი” (იოანე 13,34), რაც სხვისთვის (მოყვასისთვის) თავდადებულ სიყვარულს გულისხმობს. (რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი სიყვარული უნდა ეკუთვნოდეს ღმერთს და შემდეგ, ნებისმიერ პიროვნებას, როგორც ღვთის ხატს).
მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარს ჩვენთვის არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ – ბოროტი, წარმატებული, თუ – წარუმატებელი, მდიდარი, თუ – ღარიბი, გონიერი, თუ – უგუნური…
ჩემს მსგავსად გიყვარდეთ ერთმანეთი! – ეს ერთადერთი, მაგრამ, სინამდვილეში, მრავლისმომცველი მოთხოვნა მოგვეცა შესასრულებლად!
უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და, სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე, ჩვენც მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიზიაროთ და მისნი გავხდეთ.
ერთი შეხედვით, თითქოს იოლია ამ მცნებით ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი საცდური და მახეა დაგებული და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით, საკუთარი თავი კი მართალი გვგონია.
მაგალითად, დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.
სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს.
იაკობ მოციქული გვაფრთხილებს: „ბოროტი ენა ცეცხლია, სიცრუის სამკაული… მას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენი სხეულის ნაწილებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს… იგი აღვირახსნილი ბოროტებაა, სავსე მომაკვდინებელი გესლით“ (იაკობი 3,6-8), ხოლო „ვინც არ სცოდავს სიტყვით, ის სრულქმნილი კაცია“ (იაკობი 3.2).
უფალი თავს არაფერს გვახვევს; „ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც ისათნოებს, ის მიეცემა” (ზირაქი 15,17).
შენ ნუ შეგეშინდება სახარებისეული უფლის მცნებების, მოციქულთა და წმ. მამათა დარიგებების მიხედვით შენი ცხოვრების განახლებისა; წინ აღუდექი იმ უკეთურ სურვილებსა და მიდრეკილებებს, რაც ღვთის მიერ დადგენილი წესების მტრად გაქცევს, რაც შენს რწმენას აზიანებს, რყვნის და მას უნაყოფოსა და უსარგებლოს ხდის.
იღვაწე და იბრძოლე სიცოცხლისათვის, მარადიული სიცოცხლისათვის; ღვთისგან შენთვის ბოძებული შესაძლებლობების გამოვლენისა და აღორძინებისათვის; უფალს შენთვის ისეთი ჯვარი არ მოუცია, რომლის ტარებასაც ვერ შეძლებ. მაშ, მოინდომე და იცხოვრე არა მოჩვენებითი, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის კანონებით, რათა განიღმრთო და მარადიულობაში იხარო", - ნათქვამია ეპისტოლეში.