გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ეროვნული უსაფრთხოებისთვის გარკვეული პრობლემების შექმნასთან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური პროცესი არ არის.
„დიდი ხანი გავიდა, რაც ჩვენ პოზიციებით ერთმანეთს მნიშვნელოვნად დავცილდით და ეს არ არის „ქართული ოცნების“ გუნდის ბრალი. გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ეროვნული უსაფრთხოებისათვის გარკვეული პრობლემების შემქნასთან. სიტუაცია სიღრმისეულად რომ გავაანალიზეთ, საკმაოდ ვრცელი პერიოდი იყო, რასაკვირველია, ჩვენთვის ბევრი რამ სიახლე იყო. სიტუაციას ახლებურად შევხედეთ, გავაანალიზეთ. არ ვიცი, პროკურატურამ და გამოძიებამ რა დასკვნა შეიძლება გააკეთონ, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო სერიოზული პოლიტიკური დემარში, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ეროვნული ინტერსების დასაზიანებლად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.