საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საპროტესტო აქციაზე 2 ნოემბერს დაკავებულ აზა ჩილაჩავასთან დაკავშირებით. ვოლსკის განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის, რომელიც კანონის დარღვევის უფლებას აძლევს ადამიანს.
„აზა ჩილაჩავას არ აქვს იმის საფუძველი, ქუჩა გადაკეტოს. მით უმეტეს, თუ დევნილია, ზუსტად იცის, რა ბედი დააწიეს სააკაშვილის პერიოდის ხელმძღვანელებმა დევნილებს. იმ ადამიანებთან ერთად არ უნდა იდგეს, მათ ავადმყოფურ მოსაზრებებს და გეგმებს მხარს არ უნდა უჭერდეს. როცა გადაწყვეტილებას იღებ, წლოვანება გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის, რომელიც კანონის დარღვევის უფლებას გაძლევს. ამბობთ, რომ პირველი ხომ არ გადასულა ქალბატონი აზა, ვიღაცას გაჰყვა, ეგონა, ისედაც გადაკეტილია და გავისეირნებო, ეს არ არის სწორი. მით უმეტეს, დევნილია და იცის, დევნილების მიმართ რამხელა ყურადღებაა, რამდენი ფულადი რესურსი იხარჯება, როგორ ზრუნავენ დასახლებაზე, ბინით უზრუნველყოფაზე. იცის, როგორი შეცვლილია დამოკიდებულება. მან კარგად იცის, რომ არანაირი საგარეო კურსი შეცვლილი არ არის, ისიც, რომ არჩევნები არ ჩაშლილა. მოთხოვნები აქვს, რომელთა გაჟღერება საკმაოდ კანონიერი ფორმით შეუძლია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.