ნაკლებად გვაინტერესებს, ტემუდან გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძემ კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიას განცხადებაზე.
„გახარია საერთოდ ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებს, რადგან თვითონ უბრალოდ უპასუხისმგებლოდ ადგა და გაიქცა. ახლა ბერლინიდან მოძღვრავს იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან ყოველდღიურ ბრძოლაში. საკუთარი თავისუფლებით, საკუთარი სიცოცხლით, ჯანმრთელობით იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ, ამიტომ ამ პროცესში თუ ვინმე არის უპასუხისმგებლო, თუ ვინმე არის მშიშარა, ეს ნამდვილად არის ბერლინში გაქცეული ყოფილი სუპერძალოვანი მინისტრი, როგორც მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეძახდნენ. ეს პროცესი არის ძალიან კარგი იმითაც, რომ ბევრი რამის კრისტალიზება ხდება, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე. ყველა ადამიანი ახლა, ამ პროცესში ავლენს საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, მოტივებს. ჩემთვის საერთოდ უინტერესოა გახარიას პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ 4 ოქტომბერი არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის სურვილებზე ჩამოკიდებული დღე. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია ექნება გახარიას, რომელმაც გაცხადებულად თქვა, რომ ის შეიძლება, განიხილავდეს პარლამენტში შესვლასაც. ანუ, რეალურად აღიარა, რომ ის მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის უღალატოს მთელ ამ პროცესს. ჯერ კიდევ „ოცნებაში“ რომ იყო, მაშინ არ მქონია გახარიასთან დაკავშირებით დიდი წარმოდგენა, არც ოპოზიციაში მქონია დიდი წარმოდგენა. გახარიაც ჩვეულებრივი ნაწილია იმ რუსული პროექტის, რასაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გუნდს წარმოადგენდა და ზუსტად ისეთივე რუსულ პროექტად დარჩა აქ, ოპოზიციაში. დარჩა ტროას ცხენად, ამიტომაც ნაკლებად გვაინტერესებს, ტემუდან გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე. ერთი პაატა ზაქარეიშვილი და გია ხუხაშვილი ვიცოდი, რომელიც სტენკა დადგმული აკეთებენ კომენტარებს, გარეთ გამოსული არ მინახავს არასდროს და იქიდან გვმოძღვრავს მთელ ერს, ახლა მეორე ოთახში ჩაკეტილი, გაქცეული გახარია, რომელსაც ბერლინში ეშინია, რომ ოთახიდან გამოვიდეს, ვინმე ქართველი „ქოცი“ არ გადაეყაროს. საერთოდ არ არის ჩემთვის ეს საინტერესო“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.