„ქართული ოცნების“, უფრო ზუსტად, რუსული რეჟიმის ე.წ. პრემიერის განცხადება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, არის კიდევ ერთი უტიფარი, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც არაფრად აგდებს ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხის მონაპოვარ მიღწევებს და ქვეყანას სრულ იზოლაციას უქადის, - ამის შესახებ ნათქვამია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ხაზარაძის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი, ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა არ არის მხოლოდ მოგზაურობის თავისუფლების საკითხი – ეს ევროპული ცივილიზაციისგან დაშორების და საქართველოს მომავლის გაღატაკების საფრთხეა.
„სამარცხვინოა, „ქალი ქალია“ და „კაცი კაციას” თემით მანიპულირება. ამას შეიძლება მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდეს - თავიანთ რიგებში ამ პრობლემის სერიოზულ საშიშროებას ხედავენ. ქართველ კაცსა და ქალს არ სჭირდება თავს მოხვეული სამარცხვინო, რუსული პროპაგანდა.
ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის კონტრარგუმენტად მარტო მოგზაურობის თემის შემოტანა, უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რომ საქართველო კარგავს ევროპულ ცივილიზაციასთან ყოველდღიური, მყისიერი ურთიერთობის პერსპექტივას, რაც საშუალო და გრძელ ვადაში ჩვენი ქვეყნის მომავალზე უმძიმეს გავლენას და შედეგს იქონიებს.
ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” ამომრჩეველმა, რომ ივანიშვილ-კობახიძის რუსული პოლიტიკის ხელში, საქართველო უფსკრულისკენ მიექანება, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმეორდები - ბრძოლის არცერთ ფრონტზე, ან ველზე არ უნდა მივცეთ მათ საშუალება დაისაკუთრონ ის, რაც ეკუთვნის ქართველ ხალხს და ჩვენს მომავალს!“,- წერია განცხადებაში.