ანუ? რა გავიგეთ? სწორია: მერამდენედ, არაფერი. რა საჭიროა ეს მიკიბ-მოკიბვა, როდესაც ჭეშმარიტების გზა მარტივი დასანახია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა.
კიდევ ერთ პოსტში ანა წითლიძე წერს:
„რას იტყოდა ნამდვილი ლიდერი:
უარი რუსულ სპეცოპერაციაში, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას! აქტიური ბოიკოტის კამპანია, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად, ქუჩებში, სოფლებში, ქალაქებში! წინააღდეგობის მოძრაობის გაფართოება; დიდი და ურყევი მობილიზაციისთვის მზადება; არ გაპრავდება რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა! ყველა ჩაირეცხება!“, – წერს ანა წითლიძე.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა. „ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.