ის, რაც ალეკო ელისაშვილს კარგად გამოსდის, არის აკრობატიკა - აკრობატიკა ფიზიკური და აკრობატიკა პოლიტიკური! ის ხან ხელებზე დგება, ხან ყურებზე დგება და არ დავასახელებ კიდევ სხვა მიმართულებებს, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურ სივრცეში თავი შეინარჩუნა! - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერო გია ვოლსკი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„ამდენი ხანია პოლიტიკურ სივრცეში იმ ადამიანის სახელი ტრიალებს, რომელმაც თითქოს არ იცის საით წავიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ თავი შეინარჩუნა. ის ხან ხელებზე დგება, ხან ყურებზე დგება და არ დავასახელებ კიდევ სხვა მიმართულებებს ... რეალურად მან ამ პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნა.
საარჩევნო სიაში 20-ე ნომრად ჩაწერეს. მან მამუკა ხაზარაძეს, როგორც მავნებელს, მტაცებელსა და თაღლითს პირდაპირ ეთერში აგინა. იგივე გინება მიიღო ხაზარაძისგან და დღეს არ იცის როგორ მოაწონოს თავი და როგორი მლიქვნელობით დარჩეს “ლელოს“ შემადგენლობაში.
ალეკო ელისაშვილზე ლაპარაკი არ ღირს, რადგან მისი პრინციპები იმ სივრცეში თუხთუხებს, რასაც ე.წ. ექსტრემისტული ოპოზიციური გაერთიანება ჰქვია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა: "ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე".