მათე დღეს ყველა ჩვენგანის შვილია - შეუპოვრობის, თავდადების და ძლიერი სულის სიმბოლოა , -ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძისთვის თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთას.
„რეჟიმის მსახურმა სასამართლომ დღეს მათეს თავი საჩვენებლად მიართვა უსამშობლო პატრონს!
ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ივანიშვილის კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომაა!
მათე დღეს ყველა ჩვენგანის შვილია - შეუპოვრობის, თავდადების და ძლიერი სულის სიმბოლოა.
მაგარო ბიჭო, არ გატყდე! თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველას არ შეუძლია!
შენს გვერდით გვიგულე!“,- წერს ხაზარაძე.
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მტკიცებით, სამ პოლიციელს ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.
"2024 წლის 19 ნოემბერს დილის საათებში, ქ. თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა შს სამინისტროს თანამშრომლებს და ხის ჯოხით სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა პოლიციის სამ თანამშრომელს", - აცხადებს პროკურატურა.