არის წითელი ხაზები, რომელიც არცერთ ჯგუფს არცერთხელ არც დაურღვევია და არც დაარღვევს, მჯერა, და არის ბრძოლის ტაქტიკა, რომელზეც მუდმივად უნდა ვიმსჯელოთ. ამიტომ, კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ცარიელ კარს ნუ ამტვრევთ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
ხოშტარიას თქმით, ჯანსაღი გარემოს დასამკვიდრებლად, ნორმა უნდა იყოს ბრძოლის ტაქტიკებზე კამათი, კრიტიკა, კითხვები და ასე შემდეგ და აუცილებელია ერთმანეთის მოსმენა.
„ბრძოლის ტაქტიკებზე კამათი, კრიტიკა, კითხვები და ა.შ., არათუ სასარგებლო, არამედ აუცილებელიც არის. ამიტომ, ჯანსაღი გარემოს დასამკვიდრებლად ეს ნორმა უნდა იყოს. ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით. ამასთანავე, ამ კამათში მნიშვნელოვანია იმ ერთობის სულისკვეთების შენარჩუნება, რაც კრიტიკულია ბრძოლისთვის. ამიტომ, ერთმანეთს გულისყურით და პატივისცემით უნდა ვუსმინოთ. სწორედ ასე ვიღებ ყველა გამოთქმულ აზრს ნებისმიერ ეთერზე.
რაც შეეხება გუშინდელ ეთერს. რა თქმა უნდა, თავშიც არ მქონია რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე საუბარი, გამიკვირდა, როდესაც ერთ-ერთმა ჯგუფმა, ერთობამ, რაიმენაირად ეს თავის თავს დაუკავშირა. გუშინ ვცდილობდი ამეხსნა, რომ ის რომ თვეები გავიდა ბრძოლაში, არ ნიშნავს არც ფუჭად დაკარგულ დროს და არც უშედეგობას, რადგან ჩვენი შეგნებული არჩევანია არა ძალადობრივი ქმედებები, რაც გვინახავს 90 იანებში, არამედ პრინციპული და მტკიცე წინააღმდეგობა, რომელიც რეჟიმის დემონტაჟს მოახდენს. ეს წინააღმდეგობა არ ნიშნავს „პეპლებს“, ან როგორ უნდა ნიშნავდეს, როცა მე თვითონ არაერთ ფიზიკურ დაპირისპირებაში ვყოფილვარ მოძალადე პოლიციელებთან და ასე იქნება სულ, რადგან ეს სამართლიანი და სწორია, რადგან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ეტყობა, კარგად ვერ გამოვხატე. არის წითელი ხაზები, რომელიც არცერთ ჯგუფს არცერთხელ არც დაურღვევია და არც დაარღვევს, მჯერა, და არის ბრძოლის ტაქტიკა, რომელზეც მუდმივად უნდა ვიმსჯელოთ. ამიტომ, კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ცარიელ კარს ნუ ამტვრევთ. პატივისცემა ყველა თანამებრძოლს“, – აცხადებს ხოშტარია.
ცნობისთვის, ელენა ხოშტარიამ განაცხადა, რომ ძალადობრივი დამხობის მომხრე არ არის და პირიქით, ამას ხელს შეუშლის. „ერთი გასვლა და ერთხელ დამთავრება არის ერთადერთი, ღიად ვიტყვი, ძალადობრივი დამხობა, რომლის მომხრეები ჩვენ არ ვართ. ამას ხელს არ შევუწყობთ, არ გავაკეთებთ, პირიქით, ხელს შევუშლით, რადგან ეს შეიძლება, შედიოდეს მხოლოდ რუსეთის და „ქართული ოცნების“ ინტერესებში. ისტორიულად ყოფილა ასეთი ეტაპები, როდესაც აუღიათ იარაღი და ასე ამხობდნენ ერთ დღეს გასვლით ქუჩაში, მაგრამ ეს ჩვენ არ გვინდა, ამ ქვეყანას არ სჭირდება და არ შეიძლება“, – განაცხადა ხოშტარიამ.