დონალდ ტრამპის რიტორიკა საქართველოს პოლიტიკას ერთი ერთში ემთხვევა და მისი იმედი გვაქვს, თუმცა ვხედავთ, რომ ამერიკაშიც ბოლომდე არ არის დამარცხებული „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„იმედი გვაქვს, ტრამპი შეძლებს, მინიმუმამდე დაიყვანოს „დიფ სთეითის“ გავლენა. ევროკომისიის განცხადებას რაც შეეხება, „მეგობარ აქტში“ წერია, რომ ქართველმა ხალხმა რადგან არ დააკანონა კაცების ქორწინება, რასაც ითხოვდნენ, ასევე მეორე ფრონტი არ გახსნა, ბრიუსელს სუვერენიტეტი არ გადასცა და მოსამართლეების უცხოეთიდან დანიშვნაზე უარი თქვა, უნდათ, რომ სავარაუდო სანქცირების სისტემა შემოიღონ. სანქციებით, სუვერენიტეტის გაუქმებით და ომით თუ მემუქრები, რომელ მეგობრობაზეა საუბარი? ქართველმა ხალხმა ეს კარგად დაინახა. ამ აქტის მიღება თუ მოხდება, ქართველი ხალხი სახელმწიფოს მიმართ შეურაცხყოფად მიიღებს. ამიტომ, იმედი გვაქვს, დაინახავენ, რომ მუქარებს და სანქციებს შედეგი არ აქვს, პირიქით, სუვერენიტეტის დაცვისთვის ქართველი ხალხის მობილიზება უფრო ხდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.