ჯოზეფ ბორელის ვიზიტი არის მაღალი დონის მხარდაჭერა საქართველოსთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ათას სპეკულაციას მოიგონებს, რათა დისკრედიტაცია გაუწიონ ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას.
„ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ამ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული დაასამარეს, ბრძნული სახეებით აკეთებენ ანალიზს, პროგნოზებს და გაუგონარ ამბებს იგონებენ, რაც ღიმილის მომგვრელია. ჯოზეფ ბორელის ვიზიტი არის მაღალი დონის მხარდაჭერა საქართველოსთვის. მისი ვიზიტი იქნება ხელისუფლებისთვის კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ვისაუბროთ მომავალზე, რომელიც ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ. ეს იქნება საქართველოსთვის კარგი და პოზიტიური ვიზიტი, რადგან ჯოზეფ ბორელის საქართველოში ჩამოსვლა დიდი პოლიტიკური მოვლენაა – ჩვენი ქვეყნისთვის მხარდამჭერი.
ნახავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები თუ მედია ამ ვიზიტზე ათას სპეკულაციას მოიგონებენ, რათა გააშავონ, დააზიანონ და დისკრედიტაცია გაუწიონ ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას. რადიკალური ოპოზიცია არათუ საქართველოსთვის ერთიანდება, არამედ გაერთიანებული არიან საქართველოს წინააღმდეგ. კლასიკური რუსული პროპაგანდაა, რომ სტატუსს იმსახურებს ხალხი და არა – მთავრობა. მცდელობაა მოქალაქეებისა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გამიჯვნის, რათა თავიანთი უნიათო დეზინფორმაცია როგორმე გაამართლონ. როცა ხედავენ, რომ საქართველოს სტატუსის მიღების შანსები გაეზარდა, ცდილობენ, თავი გამოიძვრინონ და თავიანთი დაზიანებული სახე ისე შეინარჩუნონ, რომ მოქალაქეებმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ არ უთხრან, რას წარმოადგენენ. ისინი არჩევნებზე ამ შეფასებას აუცილებლად მიიღებენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.