სინამდვილეში, გვარამია არის არა თავისუფალი ჟურნალისტი, თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ომბუდსმენის მიერ პრეზიდენტისთვის ნიკა გვარამიას შეწყალების წინადადებით მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ომბუდმენს აქვს უფლება რეკომენდაციით მიმართოს პრეზიდენტს, თუმცა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამიამ დაარღვია კანონი.
"არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები, რომელიც სასმართლომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამიამ დაარღვია კანონი და სულ მცირე შვიდი მილიონი ლარით აზარალა ტელევიზია, რომელშიც მუშაობდა და რეალურად ის პასუხისგებაში მიეცა ამის გამო. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, სინამდვილეში, დღეს ვხედავთ არაერთი მხრიდან მცდელობას, რომ ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში გახლდათ პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს დანაშაულებზე, ადამიანი უფლებების უხეშ დარღვევებზე, რომელიც პირდაპირ ამართლებდა სახელმწიფო საჭიროებით რეიდებს ტელევიზიებში და ტელევიზიების დახურვას, როდესაც პროკურორის პოზიციაზე მუშაობდა, სინამდვილეში ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი გახლავთ. ეს სასამართლომ გადაწყვიტა და სასამართლოში ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი არგუმენტები წარმოედგინა", - განაცხადა თალაკვაძემ.