უბრალოდ შეუძლებელია, რომ საქართველოში ვინმემ სანქციებს გვერდი აუაროს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე რუსეთში საქართველოს გავლით კონტრაბანდული ტვირთის შესაძლო გატარებასთან დაკავშირებით.
"პირველი არხის" ეთერში საუბრისას, თალაკვაძე ამბობს, რომ კოლეგებს უკრაინაში აუხსნეს, რომ რუსეთში საქართველოს გავლით კონტრაბანდული ტვირთის გატარება შეუძლებელია და ამას საქართველო არასდროს გააკეთებს.
"რაც შეეხება კონტრაბანდას, ჩვენ უბრალოდ ავუხსენით პირისპირ ჩვენს მეგობრებს, რომ შეუძლებელია ფიზიკურად ამის გაკეთება, საქართველო ამას არასდროს გააკეთებს. ეს ერთი, და მეორე, საქართველოში ყველა საერთაშორისო ტვირთის გადაადგილება, რა თქმა უნდა, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების და იმ სისტემების ნაწილში, რომლის წევრიც არის საქართველო, არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. უბრალოდ შეუძლებელია, რომ საქართველოში ვინმემ სანქციებს გვერდი აუაროს. საქართველო ამ პროცესში, ისევე როგორც ბევრ სხვა ნაწილში, არის დასავლური ოჯახის წევრი, ჩვენ ვართ მიერთებული მნიშვნელოვან დოკუმენტებს, მნიშვნელოვან სისტემებს, როგორც ლოჯისტიკურს, ისე საბაჟოს და აქ რაიმე კონტრაბანდაზე საუბარი შეუძლებელია. ეს ავუხსენით ჩვენს მეგობრებს", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, არავითარი კატეგორიული მოთხოვნები თუ პირობების წაყენება სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის მხრიდან არ ყოფილა, "იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა ძირითადი საერთაშორისო სანქციების ნაწილი გახლავთ საქართველოც".