ირანში მაღალი რანგის ლიდერები უკვე ბარგს ალაგებენ, გრძნობენ, რაც ელით, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს ჰოქნდა ინფორმაცია, რომ ირანის რეჟიმი გეგმავდა, მის მიერ შექმნილი ბირთვული იარაღი თავიანთი ტერორისტი მარიონეტებისთვის გადაეცათ.
"ჩვენ უკვე გავაკეთეთ ბევრი დიდებული რამ- ჩვენ მოვკალით მათი უფროსი სამხედრო მეთაურები, მოვკალით მათი მოწინავე ტექნოლოგიის სპეციალისტები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ატომური იარაღის შექმნის რბოლას, რაც ჩვენ საფრთხეს შეგვქმნიდა, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენ.
ჩვენ გავაკეთეთ ეს ყველაფერი და მრავალი სხვა რამ, მაგრამ ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ამიტომ ვემზადებით.
თეირანამდე გზა გავიკაფეთ და ჩვენი პილოტები თეირანის ცაზე აიათოლას რეჟიმს ისეთ დარტყმებს მიაყენებენ, რომლებსაც ისინი ვერც წარმოიდგენენ.
ჩვენ გვაქვს მაჩვენებლები, რომ ირანში მაღალი რანგის ლიდერები უკვე თავიანთ ბარგს ალაგებენ. ისინი ხვდებიან, რაც მოელით.
მე გეტყვით, რა მოხდებოდა, ჩვენ თუ არ ვიმოქმედებდით: გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს უპრინციპო რეჟიმი გეგმავდა, მის მიერ შექმნილი ბირთვული იარაღი თავიანთი ტერორისტი მარიონეტებისთვის გადაეცათ. ეს საფრთხეს შეუქმნიდა მთლიან მსოფლიოს". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა ამავე მიმართვაში, განაცხადა, რომ ირანმა ორჯერ სცადა ტრამპის მკვლელობა.