ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანმა ორჯერ სცადა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობა.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვისა და აშშ-ს არმიისთვის დაბადების დღის მილოცვის მიმართვა გაავრცელა.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დროს ისრაელი „იცავს თავისუფლებას ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ“.
„ამჟამად ირანის რეჟიმი ბომბავს ჩვენს მშვიდობიან ტერიტორიებს, ჩვენ კი ტერორისტებს ვუტევთ. ეს სიახლე არ არის. მათ ორჯერ სცადეს პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა. მათ დაბომბეს ამერიკის საელჩოები. მათ ბეირუთში [1983 წელს] 241 [ამერიკელი] საზღვაო ქვეითი მოკლეს. მათ ერაყსა და ავღანეთში თავიანთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით ათასობით ამერიკელი მოკლეს და დაჭრეს. ისინი წვავენ ამერიკის დროშას, დაუსრულებლად სკანდირებენ: „სიკვდილი ამერიკას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა ისრაელის განადგურების მიზნით სურდა.
მისი ვერსიით, ებრაული სახელმწიფო ახლა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც იცავს.
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს არაბ მეზობლებს, ჩვენს არაბ მეგობრებს მსოფლიოში, ჩვენ ვიცავთ ევროპას, ჩვენ ასევე ვეხმარებით შეერთებული შტატებს დაცვაში, რომელიც მუდმივად გვეხმარება ჩვენს თავდაცვაში. ეს მნიშვნელოვანი მისიაა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.