ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანს 40 საათის განმავლობაში შეუჩერებლად ბომბავს. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში მან ირანის 150-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში.
„ამ დროისთვის, საჰაერო ძალების პილოტები ირანის სხვადასხვა რაიონზე მნიშვნელოვანი დარტყმების განხორციელებას აგრძელებენ. დარტყმების სერია, რომელიც უკვე 40 საათია გრძელდება, 150-ზე მეტ სამიზნეს მოიცავს“, - განაცხადა დეფრინმა.
პრესკონფერენციაზე პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში ისრაელის საჰაერო ძალების ძირითადი ყურადღება თეირანზე იყო კონცენტრირებული.
„თვითმფრინავებმა დაასრულეს დარტყმების ტალღა სტრატეგიული სამხედრო ინდუსტრიის ობიექტებზე, ბირთვული პროგრამის ობიექტებსა და ირანის ტერორისტული ხელმძღვანელობის მაღალჩინოსნებზე“, - თქვა დეფრინმა.
მისი თქმით, შაბათს ისრაელის საჰაერო ძალებმა დასავლეთ ირანში მიწისქვეშა იარაღის ობიექტი დაბომბეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანი ამ ობიექტს ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტის შესანახად და ასევე გასაშვებად იყენებდა.
ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა მიწისქვეშა ობიექტსა და მის გამშვებ პლატფორმებზე იერიში მიიტანეს.
„ადგილმდებარეობა ადრე იყო გამჟღავნებული ირანის რეჟიმის მიერ გამოქვეყნებულ პროპაგანდისტულ ვიდეოში“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალებმა.
პარალელურად, შაბათს საღამოს ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სტრატეგიული პორტის, ბანდარ-აბასის, ასევე ირანის დედაქალაქ თეირანის გარშემო საჰაერო თავდაცვის გააქტიურების შესახებ, რაც ისრაელის თავდასხმების განახლებაზე მიუთითებს.