დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ნანა ბაღდავაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე მხატვრის მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შექმნილი ტილოც იქნება წარმოდგენილი.
საერთაშორისო პრაქტიკაში დიდი ხანია არსებობს ორგანიზაციის მიერ ხელოვანისთვის სამუშაო სივრცის დათმობის გამოცდილება, საქართველოში კი ეს პირველი შემთხვევაა. მხატვარმა ტილოზე მუშაობა 15 სექტემბერს დაიწყო. ნამუშევარს ბიბლიოთეკას გადასცემს საჩუქრად. ხატვის პროცესს ფოტოზე აღბეჭდავენ. ნამუშევრის დასრულების შემდეგ გაკეთდება ფილმი, სადაც ნაჩვენები შემოქმედებითი პროცესი.
ნანა ბაღდავაძის შემოქმედება საინტერესო და გამორჩეულია, ვინაიდან მან მხატვრობაში გენეტიკის თემა შემოიტანა. ხელოვანი თავის სათქმელს, ემოციებს, განცდებს დნმ-ის ფორმით გამოხატავს.
"1988 წელს ჩემს დას, ზიზის, ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და ამერიკაში, ქალაქ სიეტლში, ჩაუტარდა ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია. მე გავხდი მისი დონორი. მას შემდეგ 22 წელი გავიდა და ჩემი და თავს ძალიან კარგად გრძნობს. ამ ფაქტმა ჩემს შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. დნმ გახდა ჩემი შთაგონების წყარო. მე დავრჩი ამერიკაში და 90-იან წლებში დავიწყე ამ თემაზე მუშაობა. სიეტლში დნმ-ის თემაზე შექმნილი ნახატების 3 გამოფენა მოეწყო. ჩემში ეს თემა ორგანულად დაიბადა, ეს არ არის გავლენა, ეს ბუნებრივად მოვიდა. ჩემთვის დნმ სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლოა, მე ამ ფორმით პოზიტიურ ენერგიას გადმოვცემ, ის ჩემი მედიტაციაა. ამ თემაზე იმდენი იდეა მაქვს, მათ განსახორციელებლად, ალბათ, ერთი ცხოვრება არ მეყოფა" - ამბობს ქალბატონი ნანა.
1994 წელს ნანა ბაღდავაძემ აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლება მოიპოვა, როგორც "განსაკუთრებული მონაცემების მქონე შემოქმედმა" და 1999 წელს აშშ-ს მოქალაქე გახდა. დღეს მისი ნამუშევრები ინახება არაერთ საგანმანათლებლო, კვლევით, სამედიცინო და სამთავრობო ორგანიზაციასა და კერძო კოლექციებში.