ჯაკო ჩარკვიანი, რომელიც სუპერმარკეტის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთია, პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ჩარკვიანის მამიდამ თაკო ჩარკვიანმა "ტვ პირველს" დაუდასტურა.
ის ვაკე-საბურთალოს პოლციის განყოფილების გამომძიებელებს აძლევს ჩვენებას. ასევე მის საცხოვრებელ სახლში პოლიცია ჩხრეკაზე მივიდა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, მისი ძმისშვილი მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა სახლში სამართალდამცველების მისვლას, ბოლოს კი რადგან პოლიცია არ მივიდა, თავად გამოცხადდა განყოფილებაში.
ცნობისათვის, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ „სპარში“ ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მანანა გიორგობიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.