უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Starlink-ის კომერციული ქსელის გამოყენება შორ და საშუალო მანძილზე დარტყმების განსახორციელებლად ფიზიკურად არ შეუძლიათ, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვის ტექნოლოგიების საკითხებში, სერგეი „ფლეშ“ ბესკრესტნოვმა ილონ მასკის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
„ძალიან უცნაურია, რომ ილონ მასკმა არ იცის უკრაინაში Starlink-ის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ“, - განაცხადა მან.
ბესკრესტნოვის თქმით, 2026 წლის ზამთრიდან უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყველა Starlink-ტერმინალს გადაადგილების სიჩქარე საათში 70–90 კილომეტრამდე აქვს შეზღუდული, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე Starlink არ მუშაობს.
„შესაბამისად, ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია კომერციული Starlink-ის გამოყენება ღრმა („დიფსტრაიკის“) და საშუალო სიშორის („მიდლსტრაიკის“) დარტყმების განსახორციელებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ამასთან, უკრაინელმა მოხალისემ, სერგეი სტერნენკომ, რომელიც, მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში ამ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული, ასევე განაცხადა, რომ მასკის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
„სამოქალაქო Starlink-ტერმინალების გამოყენება დრონებით ოპერაციების შესასრულებლად ტექნიკურად შეუძლებელი იყო. ყველა ოპერაცია, რომლისთვისაც უპილოტო აპარატებს თანამგზავრული კავშირი სჭირდებოდათ, მხოლოდ Starshield-ის სისტემის მეშვეობით შეიძლებოდა განხორციელებულიყო“, - დაწერა მან.
სტერნენკოს განმარტებით, მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინამ ე.წ. „თეთრი სიების“ სისტემა შემოიღო. უძრავად განთავსებული ტერმინალების რეგისტრაცია როგორც სამხედროებს, ისე სამოქალაქო პირებს შეეძლოთ, თუმცა გადაადგილებისას ტერმინალის მუშაობისთვის საჭირო იყო მისი სპეციალურ სიაში შეყვანა და სამხედრო სისტემასთან - Starshield-თან დაკავშირება.
მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-სა და SpaceX-ს თანამგზავრულ კავშირზე წვდომისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას მისი გამოყენების პირობები არ დაურღვევია.
შეგახსენებთ, რომ SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიამ გასულ კვირას უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის დრონებით დარტყმების განსახორციელებლად გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდა. მან უკრაინული მხარე სერვისით სარგებლობის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.