ნუკრი ქანთარიას განცხადებით უმთავრესი ზოგადი განათლების ხელშეწყობა და სკოლების გამართული ფუნქციონირებაა. -„ზოგად განათლებას ძალიან მარტივად უნდა მივუდგეთ. ჩვენ თუ 4 კითხვაზე გავცემთ პასუხს, მაშინ ეს პროცესი დაიძვრება. პირველია სად ვასწავლით? რა ინფრასტრუქტურაში ვასწავლით? რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მართლაც გვაქვს პოზიტიური ნაბიჯები (რამდენი სკოლა აშენდა, რამდენი გარემონტდა).
რას ვასწავლით? რა პროგრამებით ვასწავლით? აქ არის სწორედ დარღვევები და ამას სჭირდება მაღალი კომპეტენცია, ამას სჭირდება კვლევა. მათემატიკაზე იყო აქ საუბარი, მაგრამ რა ცოდნას ვაძლევთ ბავშვებს, რომელ კლასში რა უნდა ვასწავლოთ, იციან თუ არა მათ დაწვრილებით თავიანთი ისტორია, შემეცნებით და არა მხოლოდ საზეპიროებით, რომ მათი ცნობიერება თავისი ქვეყნის წარსულის ფესვზე გაგრძელდეს, და ვფიქრობ, ამას სჭირდება სერიოზული მიდგომა.
როგორ ვასწავლით? - ჩემი აზრით მეცხრე კლასის შემდეგ უნდა შეფასდეს ბავშვის ცოდნა, რა ისწავლა, რა ცოდნა მიიღო სკოლაში. მეცხრე კლასის შემდეგ იწყება გზის გაყრა, ან უნდა გადავიდეს ის თავისი შეფასებებით პროფესიულ სასწავლებელში, ანდა ჩვენ უნდა მივხედოთ უკვე კოლეჯის პრინციპით და წავიდეს ცოდნის გაგრძელებით. აქ მგონია უნდა იყოს დიფერენციაცია ჰუმანიტარული და ტექნიკური თვალსაზრისით და თუ აქვს მას მიდრეკილებები, ეს მიდრეკილებები უკვე უნდა გამოიკვეთოს. და ეს სამი წელი შეიძლება უნივერსიტეტის ლექტორებმაც კი ჩაიბარონ გამოცდები. ამას მხოლოდ სადისკუსიოდ ვამბობ და არა გადაჭრით. იქ უნდა უყოს აბსოლუტურად სხვა მიდგომა და მეთორმეტე კლასს როდესაც დაამთავრებს ადამიანი, უნდა იყოს ერთი ეროვნული გამოცდა და ის უნდა გასცემდეს ატესტატსაც სათანადო ქულებით, ხოლო თუ იმაზე მაღლაა, ის პირდაპირ უნდა გადავიდეს უნივერსიტეტში, არჩეულ ფაკულტეტზე მისი ამ ცოდნის ქულების გათვალისწინებით.
ამავე დროს ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. ვიფიქროთ ოქროს ატესტატზე, რომელიც იქნება მთელი სწავლების პროცესის ამსახველი, რომ ბავშვმა ოლიმპიადებშიც მიიღო მონაწილეობა, ყველგან თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება ექნება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უფასო სწავლა განაგრძოს.
და უმთავრესი კითხვა, - ვინ ასწავლის? რა კვალიფიკაციის, რა წარსულის, რა ნიჭისა და უნარის მქონე ადამიანი ასწავლის და შეუძლია თუ არა ბავშვი მართლაც შეიტანოს ბავშვში არა მხოლოდ გარკვეული ინფორმაცია, არამედ შეიტანოს სინათლე.
ეს გაცილებით რთულია და ამას ერთი და ორი წელი არ ეყოფა, მაგრამ სწორება უნდა იყოს აუცილებლად აქეთკენ“, -განაცხადა ნუკრი ქანთარიამ, რომელმაც თავისი გამოსვლის ბოლოს კიდევ ერთხელ წუხილი გამოთქვა ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაირკვეს. კოლეგებს კი მიმართა, რომ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და ამით ხეირის მიღწევა უკადრისი საქმეა.