ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორი, ეკონომიკის ექსპერტი „ჯი-ეიჩ-ენთან“ საქართველოში სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის განვითარებაზე საუბრობს და ამ კონტექტსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოდის.
„სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს, ან ახლიდან გააკეთოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან, საძოვრებთან მისასვლელი გზები,ხიდები და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რომლითაც გლეხი თუ ფერმერი თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს. ამასთან, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს საირიგაციო სამუშაოები და სრულად მოაწესრიგოს სარწყავი სისტემა. უზრუნველყვოს,რომ ყველა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი ირწყვებოდეს, მით უმეტეს, დღეს წვეთოვანი სისტემის გარეშე შეუძლებელია მოსავლიანობის გაზრდა და რეალური კონკურენცია იპორტირებულ პროდუქციასთან. გლეხი, ფერმერი და მეწარმე არ უნდა ზრუნავდეს ამ საკითხებზე,“ - აცხადებს პავლიაშვილი და დასძენს, რომ სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელმისაწვდომი სალიზინგო საქმიანობის განხორციელებაც უნდა უზრუნველყოს.
„მიმაჩნია, რომ ე.წ. მანქანა-სადგურების,მომსახურეობის ცენტრების შექმნა არაა გამოსავლი. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, რომ გლეხი,ფერმერი, მეწარმე თვითონ გახდეს მესაკუთრე. ამ მიზნით მნიშვნელოვანი იქნება ზემოხსენებული ცენტრების პრივატიზაცია შესაბამისი პროფილის შენარჩუნებით. საერთოდ, სახელმწიფომ აგრარულ სექტორში უნდა უზრუნველყოს სადაზღვევო პაკეტების თანადაფინანსება.ეს სამუშაოები დაწყებულია,მაგრამ ძალიან მცირე დოზით. ამიტომ სახელმწიფო უფრო მეტად და აქტიურად უნდა ჩაერთოს. სეტყვის, გვალვის. ან სხვა ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მოსავლის განადგურების,დაზიანების შემთხვევაში, გლეხი და ფერმერი ხელს არ უნდა იშვერდნენ გამგებლის, გუბერნატორის და, ზოგადად, სახელმწიფოს მიმართ. მათ საქმე სადაზღვევო კომპანიასთან უნდა ჰქონდეთ. შესაბამისად, განადგურებული მოსავლის კომპენსაციაც სადაზღვევო კომპანიამ უნდა მოახდინოს და არა - სახელმწიფომ ან,რომელიმე პიროვნებამ, ანუ ყველაფერი ეს სახელმწიფომ ისე უნდა უზრუნველყოს, რომ გლეხი არავისთან არ იყოს არც მატერიალურ და არც მორალურ ვალში,“ - აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი კრედიტების უზრუნველყოფისას აუცელებელია, გარკვეული გარანტიები მოთხოვნილი იქნეს გლეხის,ფერმერის მხრიდანაც. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მკაცრი მონიტორინგი ამ კრედიტების მიზნობრიობასა და დაბრუნების ვადებზე. ისეთი ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს, რომ მიმღებმა თავიდანვე იგრძნოს პასუხისმგებლობა.
„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გასაღების ბაზრების მოძიება და ლოჯისტიკა. ასევე, სასაწყობო, სამაცივრო მეურნეობების შექმნა, რათა გლეხს, ფერმერსა და მეწარმეს არ ეშინოდეს,რომ მის მიერ მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციის დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლებელია, ამ პროდუქციის დაზიანება-გაფუჭება,“ - ამბობს პავლიაშვილი და მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის განვითრებისთვის ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი კოპერატივების შექმნის წახალისებაა: „ამ საქმეში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მისმა წარმომადგენლებმა რეგიონებში და ადგილობრივმა ორგანოებმა - გამგეობამ, საკრებულომ, გუბერნიამ და კარგი იქნება, ამ საქმეში თუ ჩაერთვებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობენ. გლეხი და ფერმერი უნდა დავარწმუნოთ არგუმეტირებულად, თუ რამდენად საინტერესო და მომგებიანი კოპერატივებში გაწევრიანება. ყველაფერ ამის განხორციელება, ჩემის აზრით, უდავოდ წაადგება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ძირეულად შეცვლის იმ პოლიტიკას,რომელიც დღემდე ამ დარგის მიმართაა დამკვიდრებული,“ - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას სოლომონ პავლიაშვილი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს - ის საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.