პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის კუთხით. არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ აუცილებელია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბარიც ჰქონდა მარკო რუბიოსთან, მაისის დასაწყისში აშშ-დან დელეგაციასაც ველოდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველო ვერ შეეგუება ვერცერთი ქვეყნის მხრიდან მტრულ და არამეგობრულ დამოკიდებულებას.
„მტრული, არამეგობრული დამოკიდებულება, რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში არსებობდა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით, კატეგორიულად მიუღებელია. ვისმენდით ცრუ განცხადებებს, მუქარის შემცველ ტონს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პატივი სცეს სუვერენულ სახელმწიფოს. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ დიდი კულტურის მატარებლები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.