,,როდესაც ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური წარსული აქვთ და მათ მიმართ არის სისხლისსამართლებრივი დევნა, ეს აპრიორი, არ გულისხმობს იმას, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს კვირეულის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პოლიტიკური პატიმრების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ კანონის უზენაესობა ნიშნავს მის წინაშე ყველას თანასწორობას, მიუხედავად თანამდებობისა თუ პოლიტიკური წარსულისა.
„ადამიანის გასამართლება, რომელსაც ჰქონდა და აქვს პოლიტიკური სტატუსი, აპრიორი არის თუ არა პოლიტიკური პატიმრობა - მოგახსენებთ, რომ არა. იმიტომ, რომ კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური წონის, თანამდებობის, ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ისევე როგორც ასეთ პრივილეგიებს მოკლებული, თუნდაც რიგითი მოქალაქე, ერთნაირად აგებს პასუხს კანონის წინაშე. შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში არიან პატიმრები, რომლებსაც ჰქონდათ ან აქვთ პოლიტიკური სტატუსი, მაგრამ ამავე დროს არის სისხლისსამართლებრივი დევნა, ეს აპრიორი არ გულისხმობს, რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის რეზოლუციაში საუბარი იყო არა პოლიტიკურ პატიმრებზე, არამედ წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით.
„პოლიტიკური პატიმრების თემა არ ყოფილა იმ რეზოლუციის საკითხი. საუბარია ევროკავშირის რეზოლუციაზე. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ გადაცდომები იყო წინასწარ პატიმრობაში, იმ რეზოლუციაში არსებული ბევრი რეკომენდაცია უკვე გათვალისწინებულ იქნა. მეორე მხრივ, ბევრი რეკომენდაციაა, რომელიც აღნიშნულ რეზოლუციაში იყო, იმედი მაქვს, გაითვალისწინებს ჩვენი სასამართლო სისტემა“, - დასძინა პრეზიდენტმა.