საგარეო პოლიტიკის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ANSA Nuova Europa-სთან საუბარში. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ამ მხრივ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები არ შეიცვლება! მთავრობის ახალი გუნდი დაწყებული რეფორმების განხორციელებას განაგრძობს", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, შვიდი მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, პრემიერი აცხადებს, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიული და პოლიტიკური განვითარების ჩვეულებრივი გზაა. ირაკლი ღარიბაშვილი ამ ფაქტს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ტექნიკურ ნაბიჯს უწოდებს, რომლის მიხედვითაც, როცა მთავრობას მინისტრთა კაბინეტის ერთი მესამედი ტოვებს (სულ 19), ახალი გუნდი პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარდგეს. პრემიერი ასევე აცხადებს, რომ თუკი მინისტრი არაეფექტურია მიზანშეწონილია მისი მოხსნა და შესაფერისი კანდიდატურის შერჩევა, რისი უფლებაც მას გააჩნია.
ღარიბაშვილის მტკიცებით, საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებაში არავითარი სიურპრიზი მოსალოდნელი არ არის და მიმდინარეობს მზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის (2015 წლის 21-22 მაისი), საიდანაც საქართველო პოზიტიურ სიგნალს ელოდება, განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციის კუთხით.
პრემიერი ასევე აცხადებს, რომ 2012 წლიდან, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" დაამარცხა, ყველაფერი გაკეთდა ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად.
"ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა არ არის მიმართული რუსეთის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში. სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელიც ამ კავკასიური ქვეყნის ნატო-ში შესვლითაც მიიღწევა. ამას დრო სჭირდება, ჩვენ ეს კარგად გვესმის. საქართველოს გაწევრიანება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უნდა მოვიცადოთ", - ამბობს პრემიერი.
რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ მთავრობამ მოსკოვთან პრაგმატული მიდგომის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც მათი ბაზარი კვლავ გაიხსნა ქართული პროდუქტებისთვის.
ღარიბაშვილი მოელის, რომ კვლავ ვილნიუსის შემდგომი სცენარი იქნება, რამაც უკრაინის კრიზისი გამოიწვია. იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებულია. "სხვა რაღა შეიძლება მოხდეს", - აცხადებს პრემიერი.