”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ მაისში თბილისში დაგეგმილი EBRD-ის ყოველწლიულ შეხვედრის ჩატარებისთვის დახარჯული თანხები ”გაბერილია”.
”2015 წლის მაისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისში ყოველწლიულ შეხვედრას მართავს. 2014 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც „შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოს და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 2014-2015 წლების განმავლობაში განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“.
შედეგად კი მივიღეთ გაბერილი თანხები და უაზროდ გახარჯული საბიუჯეტო თანხები. ასე მაგალითად სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შეხვედრის ორგანიზებისთვის გაიღო:
- 667 812 ლარი გახარჯა კომპიუტერული ტექნიკისთვის;
- 896 920 ლარი კი 491 ცალი კარის შეძენისთვის;
- 883 325 ლარი სკამების, დივნებისა და სავარძლებისთვის;
- 459 578 ლარი სხვა ავეჯისთვის.
მარტივი გაანგარიშებით შეხვედრისათვის მხოლოდ ამ კონტრაქტით დაიხარჯა თითქმის სამი მილიონი ლარი, იმ ნივთებზე, რომელთა ქირაობა ამ ერთჯერადი ღონისძიებისათვის ბევრად უფრო იაფი დაჯდებოდა”, - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი.
დეპუტატი ასევე განმარტავს, რომ თითქმის 1,5 მლნ ლარის ავეჯი ნაყიდია შპს „გოლბი“-გან, რომლის დამფუძნებლები თბილისი საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი ლევან დარახველიძე და მისი ძმა ირაკლი დარახველიძეა.
”მეორე მაგალითი შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაა მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის ნომერი 1965 განკარგულების საფუძველზე:
- 2014 წლის 6 მარტს, ორი მილიონ ასშვიდი ათასზე მეტ ლარის კონტრაქტი გააფორმა შპს ლ.მ.ც. გრუპი, რომელიც ერთი წლის წინაც არ არის შექმნილი, არც მსგავსი სამუშაოების გამოცდილება გააჩნია და არც ერთ სახელმწიფო ტენდერში არა თუ არ გაუმარჯვია არამედ მონაწილეობაც კი არ მიუღია;
- 2014 წლის 17 დეკემბერს, რვა მილიონ ორასთორმეტ ათასზე მეტი ლარის კონტრაქტი გაუფორმა ახლადშექმნილ შპს ჯენერალ ბილდინგს
მესამე მაგალითი ქალაქ თბილისის მერიამ 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ თითქმის 44 მილიონი ლარზე მეტი დახარჯა ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებული ხელშეკრულებებით. ამ თანხაში არ შედის კანონის ძალით გაფორმებულ 5 000 ლარამდე ხელშეკრულებები და სერვის კონტრაქტები.
აშკარაა, რომ არავითარი ფორსმაჟორული აუცილებლობა არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა - მთავრობა ადვილად ჩაეტეოდა ტენდერების ჩატარებისთვის აუცილებელ დროში. ამას მიუთითებს თუნდაც ის, რომ კონტრაქტები მთავრობის განკარგულების მიღების შემდეგ მინიმუმ 4-5 თვის შემდეგაა გაფორმებული.
ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც თითოეული სახელმწიფო პროექტისა და დაკვეთის თანხის როგორც მინიმუმ 10% უბრუნდებოდა დამკვეთს, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილ პირებს”, აცხადებს ირმა ნადირაშვილი.