ევროკავშირის პროექტი „დრონების კედლი“, რომელსაც ევროკომისია 16 ოქტომბერს წარადგენს, არა მხოლოდ სამხრეთ ფლანგს, არამედ მთელ ევროკავშირს შეეხება.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, 15 ოქტომბერს, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების სამუშაო ვახშმის დაწყებამდე განაცხადა.
კალასის თქმით, „დრონების კედელმა“ ევროკავშირის ყველა ქვეყანა გარე საფრთხეებისგან უნდა დაიცვას.
„როდესაც პირველად დავიწყეთ „დრონების კედელზე“ საუბარი, ჩვენ აღმოსავლეთ ფლანგზე ვსაუბრობდით.
თუმცა, შემდეგ სხვა წევრმა სახელმწიფოებმა აღნიშნეს, რომ, მაგალითად, დრონებს გემებიდანაც შეეძლოთ აფრენა. ასე რომ, ეს ასევე საფრთხეს უქმნის სამხრეთ წევრ-სახელმწიფოებს.
ჩვენ ახლა ფაქტობრივად ვსაუბრობთ მთელი ევროპის დაცვაზე, როდესაც საქმე დრონებს ეხება. ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ: იმის გაგება, თუ როგორ შეგვიძლია დავიცვათ ევროპა ამ დრონებით თავდასხმებისგან“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.
მედიის ცნობით, თავდაცვის „საგზაო რუკის“ პროექტში, რომელსაც ევროკომისია 16 ოქტომბერს წარადგენს, „დრონების კედლის“ აგების იდეა წარმოდგენილი იქნება არა როგორც რეგიონული პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, არამედ როგორც უფრო ფართო პროექტი, რომელიც მოიცავს ევროკავშირის მთელ ტერიტორიას.