იძულებით აღსრულების ტრანზაქციის ოდენობა (ქონების დაპატრონება აღსრულების გზით) 2007 წლიდან 2013 წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდება და მის მაქსიმუმ მაჩვენებელს 2012 წელს - 1503 ოდენობით აღწევს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" კვლევაშია აღნიშნული, ეს ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ პრობლემური სესხების ოდენობა იზრდება, რისი გამომწვევი მიზეზიც მრავალი შეიძლება იყოს: მსესხებლების მიერ ფინანსური რესურსის არაეფექტიანი ხარჯვა, როგორც ბანკების, ასევე მიკროსაფინანსოების და კერძო კრედიტორების (მევახშეების) მიერ სესხების მარტივად გაცემა (მათ მიერ რისკების არარეალისტური შეფასება და რისკების მართვის არცოდნა), ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა (შენელებული ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის მაღალი დონე, სოციალური უთანასწორობა) და სხვა.
„აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონის წესით რეალიზებული ქონების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას 2011 წლიდან ახორციელებს, სადაც ქონების რეალიზაციის მიზეზის მითითება არ ხდება. ამასთან, აღნიშნულ მონაცემებში 2013 წლის ოქტომბრის თვემდე კონკრეტულად კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასარგებლოდ განხორციელებულ წარმოებათა შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის", - აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების: მიერ მომზადებულ კვლევაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აუქციონის წესით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მიმართულებით, 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით არსებული მონაცემები შემდეგია: ამ პერიოდში სულ 952 უძრავი ქონებაა რეალიზებული. კომერციული ბანკების სასარგებლოდ 172 გაიყიდა, რაც მთლიანი ოდენობის 18,07%-ს წარმოადგენს;
მიკროსაფინანსოების სასარგებლოდ 157 უძრავი ქონებაა (16.49%) რეალიზებული, ხოლო დანარჩენი 623 (65.44%) კი კერძო პირების ანუ კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. ამ მონაცემებიდან ვხედავთ, რომ 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით აუქციონის წესით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მთლიან რეალიზაციაში კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდულ უძრავ ქონებას ყველაზე დიდი წილი - 65.44% უკავია, რაც დიდ მაჩვენებელს წარმოადგენს და შემაშფოთებელი ფაქტია.
„იძულებით აღსრულების ტრანზაქციის ოდენობა 2007 წლიდან 2013 წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ხოლო 2013 წელს მცირედით (162-ით) იკლებს. ასევე მთლიანად რეალიზებული უძრავი ქონების ოდენობაში კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდულ უძრავ ქონებას ყველაზე დიდ წილი - 65.44%-ი უკავია. კერძო მევახშეების სფერო საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ ფაქტობრივად დაურეგულირებელი. 2014 წლიდან შემოვიდა გარკვეული რეგულაციები, რომელიც კერძო იპოთეკარებს ეხებათ. ისინი ამა წლის 1 მარტიდან ვალდებულნი გახდნენ, იპოთეკის ხელშეკრულება დაამოწმებინონ ნოტარიულად. ასევე დაუწესდათ სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, რაც თვეში 3.68%-ს შეადგენს. თუმცა ეს რეგულაციები ვფიქრობთ, საკმარისი არ არის და აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის კიდევ უფრო გამკაცრება. ზემოთ არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ კერძო მევახშეების მხრიდან საზოგადოება სერიოზულად ზარალდება (კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდული ქონების პროცენტული წილი მთლიანად რეალიზებულ ქონებაში ყველაზე დიდი - 65.44%-ია), ამიტომ ნათელი ხდება, კერძო მევახშეების სეგმენტის სააღრიცხვო სისტემის და კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესების აუცილებლობა. ეს ყველაფერი კი გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამორთმეული ქონების ოდენობის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ისედაც ფინანსურად დამძიმებული მოქალაქეების მდგომარეობას ცალსახად გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. მონაცემებიდან იკვეთება, რომ კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი აუქციონის წესით რეალიზებულ ქონებაში შედარებით მცირეა (შესაბამისად 18,07% და 16,49%), რაც იმით შეიძლება ავხსნათ, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ვალის ამოღების უკანასკნელ ფორმას წარმოადგენს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ მას", - განმარტავენ არასამტავრობო ორგანიზაციაში.
კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები" მიიჩნევს, რომ აუცილებელია: როგორც მსესხებლების ასევე კრედიტორების ფინანსური განათლების დონის ამაღლება; რისკების მენეჯმენტის გაუმჯობესება და სესხის გაცემის პარამეტრების სრულყოფა; შემოსავლებისა და ვალდებულებების თანაფარდობის კოეფიციენტების დახვეწა; ქვეყანაში აქტივების მართვის კომპანიების სრულყოფა, რომლებიც ბანკებს პრობლემური სესხების მართვაში დაეხმარებიან; კერძო მევახშეების სეგმენტის სააღრიცხვო სისტემის ჩამოყალიბება; ფინანსური კანონმდებლობის მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგება; ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება.
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით პრობლემური სესხების საკითხი, როგორც ბანკების მმართველების, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, დიდ ყურადღებას იქცევს. 2008 წელს არსებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ პრობლემური სესხები იყო (ამერიკაში კომერციული ბანკების მიერ დიდი ოდენობის „სუბ-პრაიმის" (მაღალი რისკის მქონე კლიენტები) სესხების გაცემამ წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების გაკოტრება გამოიწვია, რამაც შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს დაუდო სათავე). ჩვენს ქვეყანაში ბანკების მიერ გაცემული სესხების თითქმის 10% პრობლემურია, რის მიხედვითაც მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო 124 ქვეყანას შორის 52-ე ადგილზეა (ეს მაჩვენებელი საშუალოზე ოდნავ უკეთესია). კომერციული ბანკების მიერ გაცემულ მთლიან სესხებში პრობლემური სესხების ასეთი მცირე ოდენობა, იმით აიხსნება, რომ მათი რეალური ოდენობა, რაც უკვე საგრძნობლად მაღალია, არაოფიციალურ ბაზარზე კერძო პირებისგან (მევახშეებისგან) არის აღებული. პრობლემური სესხების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა მსესხებლის სესხის გადაუხდელობის გამო სახლის დაკარგვის და უსახლკაროდ დარჩენის შემთხვევებია. ბოლო წლების განმავლობაში მთლიან სესხებში უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების წილი გაიზარდა, შესაბამისად ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშეც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დგას. 2008 წლის (რუსეთ-საქართველოს ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის) შემდეგ, როგორც კომერციული ბანკების ისე სხვა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტიტუტების მხრიდან გაყიდული უზრუნველყოფილი საკუთრების ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ვინაიდან საქართველოში პრობლემური სესხების შესახებ სრული მონაცემები თითქმის ხელმიუწვდომელია და სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონების დაკარგვის შემთხვევები თანდათან იზრდება (რაც ფინანსურად ისედაც გაჭირვებული მოქალაქეების მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს), სწორედ ამიტომ „საზოგადოება და ბანკებმა'' კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და კერძო პირების (მევახშეების) მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ არსებული მონაცემები მიმოიხილა და შესაბამისი რეკომენდაციებიც დადო.